პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ალეკო ელისაშვილმა ბათუმის ბულვარში მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობის შესახებ ისაუბრა. პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა პროცესი გააპროტესტა და ადგილობრივი ხელისუფლება კორუფციაში დაადანაშაულა.
ელისაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს თხოვნით მიმართა, საკანონმდებლო ორგანოში ჩაინიშნოს შეხვედრა, სადაც ბათუმის მოსახლეობის პრობლემებს მოისმენენ.
"ბათუმში ყველამ ვიცით, ეს არის მე-19 საუკუნის ბოლოს გაშენებული ბულვარი, რომელსაც აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მინიჭებული. ეს იმას ნიშნავს, რომ იქ არაფრის აშენება არ შეიძლება. არადა, 19 სართულიანი კორპუსი შენდება. სამი თვეა ბათუმელები აპროტესტებენ, სამი თვეა მათ ყურს არ უგდებს არავინ. როგორც ჩანს, ბატონ რიჟვაძეს თუ მისცემ ქრთამს, დაიდგამს თავზე კორპუსს და ისე ივლის, არ შეაწუხებს საერთოდ ნამუსი. ბატონო არჩილ, თქვენ მსურს გთხოვოთ და გადმოგცეთ ჩემი თხოვნაც და ქუჩაში მდგომი ბათუმელების თხოვნაც, რომ ნებისმიერი ფორმატით პარლამენტში, დავნიშნოთ შეხვედრა,“ - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი ალეკო ელისაშვილს პასუხობს და აღნიშნავს, რომ თორნიკე რიჟვაძე არის ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ბულვარში მაღალსართულიანი შენობის აშენების წინააღმდეგი იყო.
"ერთადერთი, რაშიც ჩვენ გვაქვს თანხვედრა, არის ის, რომ მეც ზუსტად ვფიქრობ, ის, რაც იქ შენდება, მიუღებელია. ბატონ რიჟვაძესთან ამ თემაზე მქონია საუბარი და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ის არის ერთ-ერთი, ვინც ამას თავის დროზე შეეწინააღმდეგა, როდესაც პრემიერმინისტრ კვირიკაშვილის დროს იქ 9 და 12 სართულიანი კი არა, ათეულობით სართული უნდა აღმართულიყო.
ბატონო ალეკო, თქვენ მე ფარისევლობა შეგატყვეთ, ვითომ წუხხართ. რა გაცინებთ, თქვენს ადგილას რომ ვიყო, დილიდან საღამომდე ვიტირებდი. ფარისეველი ხართ, რომელიც ვითომ წუხს ახლა ბათუმის ბულვარზე და კულტურულ მემკვიდრეობაზე. ერთადერთი კაცი, წევრი ჩემს კომიტეტში, რომელიც წინააღმდეგ წავიდა იმისა, რომ ქართულ კულტურას ჰყოლოდა თავისი სამინისტრო. მე მჯერა, რომ ბატონი რიჟვაძე მოძებნის დროს, რომ თქვენს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანოს ცილისწამებაზე,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ალეკო ელისაშვილის განცხადებას "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ეხმაურება და ამბობს, რომ თორნიკე რიჟვაძის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები ისმის.
"თქვენ რომ იყოთ თორნიკე რიჟვაძის ადგილას, 10 პრობლემა რომ დაგხვდება და 9-ს რომ მოაგვარებ და მე-10-ზე კიდევ რაღაც მოქმედებებს ახორციელებ და ამ მე-10-ის მოგვარებაზე ფიქრობ და მე-10 პრობლემის გამო ვიღაცა მექრთამეს დაგიძახებთ სრულიად უსაფუძვლოდ, ძალიან რბილად ვიტყვი, თავშეკავებულად, არის ძალიან ცუდი,“ - ამბობს მამუკა მდინარაძე.