თბილისის საქალაქო სასამართლოში ნოდარ მელაძის და მაკა ჩიხლაძის გამოკითხვა დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა. გამოძიებას კითხვები იმ საქმესთან დაკავშირებით ჰქონდა, რომელიც "ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსისა და ტელეკომპანიის ჟურნალისტის შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.
როგორც ისინი აცხადებენ, გამოძიებას მათთან ზოგადი ხასიათის შეკითხვები ჰქონდათ.
"აინტერესებდათ, ხომ არ მქონდა კომუნიკაცია ან ლევან მამალაძესთან ამ ინტერვიუს ეთერში გასვლის შემდეგ, ან ლევან მამალაძის მიერ დასახელებულ პირებთან, რომლებიც, სავარაუდოდ, გეგმავდნენ ჩემი სიცოცხლის მოსპობას. ან მანამდე, თუ ვიცნობდი მათ და მქონდა თუ არა კომუნიკაცია და ვუპასუხე, რომ მე ვარ ჟურნალისტი და მაქვს უამრავ ადამიანთან კონტაქტი. შეიძლება ოდესღაც ვიღაცის ინტერვიუ მქონდეს ჩაწერილი, ან ერთი კვირის წინ. კიდევ იყო კითხვა, ხომ არ ყოფილა მუქარა. მე ვთქვი, რომ მუქარა იყო. ეს იყო შაბათის ბოლოს, საგამოძიებო რეპორტაჟის ეთერში გასვლის შემდეგ, მუქარის ავტორი იყო ბერა ივანიშვილის პირადი მცველი, ბატონი მიხეილ წიკლაური, რომელმაც საჯარო სივრცეში დააანონსა მუქარა ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მისამართით. ის აანონსებდა წამებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლები ყველანაირად ცდილობდნენ აერიდებინათ ჩემი ეს ნათქვამი, რადგანაც, როგორც ჩანს, მათ ინტერესს არ წარმოადგენდა ეს მიმართულება და მითხრეს, რომ ამ თემაზე წინასწარი მოკვლევა მიმდინარეობს, თუმცა ჯერ გამოძიება დაწყებული არ არის,“ - განაცხადა ნოდარ მელაძემ.