საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 17 მარტს რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.50 პროცენტით განისაზღვრა. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული ბანკი ავრცელებს.
სებ-ის ცნობით, თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 3.6 პროცენტი შეადგინა. არსებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2021 წელს ინფლაცია საშუალოდ 4-4.5 პროცენტის ფარგლებში იქნება და შემდეგ მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება.
"არსებული შეფასებით, ეკონომიკური აქტივობა იანვარში წლიურად 11.5 პროცენტით შემცირდა. შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე, წლის განმავლობაში ეკონომიკური აქტივობის ეტაპობრივი აღდგენაა მოსალოდნელი, რომლის მთავარი მამოძრავებელი ძალა ადგილობრივი მოთხოვნა იქნება. ამის საპირისპიროდ, საგარეო მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირებული დარჩება. რაც შეეხება მიმდინარე მაჩვენებლებს, საერთაშორისო მოგზაურებისგან მიღებული შემოსავალი მინიმალურია და იანვარში წლიურად 95 პროცენტით შემცირდა. სუსტი ერთობლივი მოთხოვნისა და გაუფასურებული გაცვლითი კურსის ფონზე, წინასწარი მონაცემებით, საქონლის იმპორტი თებერვალში წლიურად 12 პროცენტით შემცირდა, ექსპორტი კი მცირედით გაუმჯობესდა და 3 პროცენტით არის გაზრდილი."- ნათქვამია სებ-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდებიან და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად სებ-ი მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2021 წლის 28 აპრილს ჩატარდება.