28 მარტს საქართველო-ესპანეთს საფეხბურთო მატჩზე გულშემატკივრებს კონკრეტული წესების დაცვით სტადიონის ტრიბუნებზე დაუშვებენ. დინამო არენაზე მაყურებლის 30%-ს შეეძლება მატჩზე დასწრება, რაც სოციალური დისტანციის დაცვის შესაძლებლობას გახდის.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი ამბობს, რომ ყველა დეტალი "უეფასთან“ და შესაბამის სტრუქტურებთან შეთანხმდება.
"ყველა ის ღონისძიება, რომელიც საზოგადოების თავშეყრის ადგილი შეიძლება გახდეს, იქნება ეს კვების ობიექტები და ა.შ. თანაც მატჩის დროს მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. ვაცნობიერებთ იმას, რომ მატჩის დროს, სასმელი წყალი, როგორც მინიმუმ, სჭირდება გულშემატკივარს და შევეცდებით, შესაბამის სტრუქტურებთან შევათანხმოთ, როგორ მოხდეს სასმელი წყლის გაყიდვა. შესაბამისად, ყველა ის რეგულაცია, ორშაბათს იქნება ცნობილი და ბილეთების გაყიდვა მოხდება ონლაინ, პირადი ნორმის საშუალებით. ყველა ის ადამიანი, რომელიც მატჩის ბილეთს შეიძენს, იქნება ბაზაში პირადი ნომრით რეგისტრირებული და ღამის 12 საათამდე გადაადგილების უფლება ექნებათ,“ - აცხადებს დავით მუჯირი.