ბოკერიას სახელობის კლინიკის ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელი თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, კიდევ ერთ მედიკოსს ვაქცინაციის შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, უარყოფს. შორენა კიწმარიშვილი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში გამოვლინდა ალერგიული რეაქცია და მდგომარეობა ანაფილაქსიურ შოკამდე არ მისულა.
"17 რიცხვში აიცრა ჩვენი კოლეგა, რომელსაც ვაქცინაციიდან დაახლოებით 15-20 წუთში გამოუვლინდა ალერგიული ხასიათის გამონაყარი, ჰქონდა რაღაც მოუსვენრობა, შფოთვა, რის გამოც პირველი პროტოკოლის შესაბამისად, შესაბამისი ღონისძიებები იქნა გატარებული, მდგომარეობა გაუმჯობესდა, თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს და შესაბამისად, გაეწერა ბინაზე.
ანაფილაქსიური შოკი ნამდვილად არ ყოფილა, უბრალოდ, რადგანაც სწრაფად განვითარდა, ეს იყო ალერგიული რეაქცია გამოხატული გამონაყარით და შესაბამისად, გარკვეული უსიამოვნო შეგრძნებით და შფოთვით, ანაფილაქსიამდე არ მისულა მდგომაროება.
პროტოკოლის შესაბამისად იმართა და მდგომარეობა დაახლოებით 2-3 საათში უკვე გაუმჯობესებული იყო, მაგრამ მეთვალყურეობის მიზნით მაინც დავტოვეთ კლინიკაში და დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით გავწერეთ," - ამბობს შორენა კიწმარიშვილი.
ავტორი: ლიკა ალელიშვილი