სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მასშტაბური იმუნიზაციის აუცილებლობაზე საუბრობენ. ექიმების თქმით, კორონავირუსის დამარცხების ერთადერთი გზა ვაქცინაციაშია.
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ მოცემულ სიტუაციაში ორი გზა არსებობს, მოსახლეობამ დაძლიოს ვაქცინაციისადმი არსებული სკეპტიციზმი, ან უარი თქვას იმუნიზაციაზე, რასაც მესამე ტალღა მოჰყვება.
"გვაქვს ცალსახად ორი არჩევანი - ან ერთი, უნდა დავძლიოთ ეს სკეპტიციზმი, დავივიწყოთ ყველაფერი, არ ვიფიქროთ ცუდზე და მასობრივი ვაქცინაცია უნდა გავაგრძელოთ და მივაწიოთ იმას, რომ საქართველოში იყოს მინიმალური ახალი შემთხვევები და მინიმალური გარდაცვალების შემთხვევები, ან გარდაცვალების შემთხვევები სულ არ იყოს. თავისით მოჰყვება გახსნილი ბიზნესი, გახსნილი ეკონომიკა და ნორმალური ცხოვრება.
მეორე გზა - მივეცეთ სკეპტიციზმს, უარი ვთქვათ მასობრივ ვაქცინაციაზე და მაშინ რა პერსპექტივაა? მაშინ ცალსახად არის პერსპექტივა ახალი შემთხვევების ზრდის, მესამე ტალღის, რასაც მოჰყვება გარდაცვალების შემთხვევების მატება,“ - ამბობს თენგიზ ცერცვაძე.
პედიატრი, თეიმურაზ მიქელაძე ამბობს, რომ ანაფილაქსიური რეაქციები ნებისმიერმა პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს, მათ შორის, მწერის ნაკბენმაც.
"იმუნიზაციის პროცესი უნდა გაგრძელდეს, ჩვენ სხვა გზა გადარჩენის არ გაგვაჩნია. პედიატრებისთვის, ზოგადად, იმუნიზაცია არ არის ახალი. ჩვენ დაბადებიდან ვიწყებთ ბავშვების იმუნიზაციას და აქამდეც, შემდეგაც და მანამდეც ყველა ის კაბინეტი, რომელიც იყო იმუნიზაციისთვის გათვლილი, არის მაქსიმალურად აღჭურვილი.
ანაფილაქსიური რეაქციები და განსაკუთრებით აცრის კაბინეტში მომუშავე მედ პერსონალისთვის და პედიატრებისთვის არ არის ახალი. ეს საკმაოდ ხშირია, ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში შეგვხვედრია. ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული მედიკამენტთან, რაღაც მწერის ალერგიაზე, შეიძლება იყოს რაღაც კონკრეტული საკვები ნივთიერების მიღებაზე და ა.შ.“ - ამბობს თეიმურაზ მიქელაძე.