გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატის ვახტანგ ბარამაშვილის განცხადებით, ოჯახს აქვს კითხვები, რამდენად დროულად აღმოუჩინეს დახმარება ექთანს და ის ახალციხეშივე ხომ არ გარდაცვლილა.
ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ ექთანს წინა დღეებში მედიკამენტები დაუნიშნეს, თუ რა სახის აბებზე იყო საუბარი მათთვის უცნობია, ეს კი ოჯახს დამატებით ეჭვებს უჩენს.
"ოჯახს აქვს კითხვები რამდენად დროულად აღმოუჩინეს დახმარება. ოჯახს აინტერესებს, ხომ არ იყო მეგი გარდაცვლილი უკვე ახალციხეში და ხომ არ მოხდა უკვე გარდაცვლილის თბილისში გადმოსვენება.
ოჯახის ინფორმაციით, წინა დღეების განმავლობაში მეგის დაუნიშნეს რაღაც ტაბლეტები, რაზეც არ ვართ ინფორმირებული ზუსტად რა ტაბლეტია, თავად მეგიმაც არ იცოდა, რა ტაბლეტებზეა საუბარი, რა აბები მიიღო. მათ შორის, ეს შესაძლოა საკვანძო აღმოჩნდეს.
მკლავზე აქვს სავარაუდოდ ალერგიული რეაქცია და ეს, რა თქმა უნდა, დამატებით ეჭვებს ბადებს," - განაცხადა მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ მეგი ბაქრაძემ "ასტრაზენეკას" ვაქცინა ახალციხეში, კლინიკა "იმედში" გაიკეთა, რის შემდეგაც ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.