თბილისის მერიის მიერ მოწვეული გერმანელი ექსპერტები, რომლებმაც თბილისში, მთის ფერდზე გაჩენილი მეწყრული პროცესები უნდა შეაფასონ, საქართველოში დღეს ჩამოდიან. თუმცა, კონკრეტული ინფორმაცია - რა სამუშაოებს გაწევენ ევროპელი ინჟინერ-გეოლოგები და რომელ კვლევით ორგანიზაციას წარმოადგენენ ისინი, ამ ეტაპზე, უცნობია.
პარალელურად, ვაშლიჯვრის მოსახლეობამ შეიმუშავა პეტიცია. მოქალაქეები ითხოვენ, არ გაიცეს არც ერთი ახალი სამშენებლო ნებართვა და შეჩერდეს განხილვაში მყოფი ყველა პროცესი, რომელიც ვაშლიჯვარში მშენებლობებს ეხება. მოთხოვნათა შორის არის დამოუკიდებელი და კვალიფიციური ექსპერტთა ჯგუფის შექმნაც.
მერიაში განმარტავენ, რომ მსგავსი ჯგუფი უკვე არსებობს და ის 2 კვირაა უწყვეტ რეჟიმში მუშაობს.