გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ინტერესებს დღეიდან ორი ადვოკატი დაიცავს. უფლებადამცველებმა, არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, საქმეში მეტი მტკიცებულებები მოითხოვეს. მიაჩნიათ, რომ მარტო პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან მეგი ბაქრაძის სამედიცინო მონაცემები საქმის სრულყოფილი წარმოებისთვის საკმარისი არ არის.
ადვოკატებმა საქმის პროკურორს შუამდგომლობით მიმართეს და ახალციხის კლინიკა "იმედიდან" ვიდეოჩანაწერების ამოღება და მეტი მტკიცებულებებისთვის დამატებით სამედიცინო პერსონალის გამოკითხვა მოითხოვეს. ადვოკატებს რეგიონული კლინიკის დოკუმენტაცია დღეს გვიან ღამით გადაეცემათ.
შვილმკვდარი მამა დღეს ორმაგ ტრაგედიას განიცდის და სამხარაულის ექპერტიზის დასკვნის მოლოდინშია. ოჯახი პასუხს ელოდება - ჰქონდა თუ არა მეგი ბაქრაძეს გადატანილი კორონავირუსი, იყო ეს ანაფილაქსიურ შოკი თუ თრომბოემბოლია.
AstraZeneca-ს ვაქცინაციის შემდეგ ფატალური შედეგის გამო საქართველოში შესაძლოა, ვაქცინის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ.
ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო დასკვნას მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ფაქტზე კვირის ბოლოს გაასაჯაროებს. თუმცა ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ პირველადი მონაცემებით, ახალციხეში სამედიცინო პერსონალის მხრიდან ვაქცინაციის პერიოდში დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.
სამცხე-ჯავახეთში 27 წლის ექთნის გარდაცვალების შემდეგ ვაქცინაციის პროცესი დროებით შეჩერდა.