აუდიტის სამსახურმა "ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“, რომელსაც საზოგადოება "რესპუბლიკური საავადმყოფოს“ სახელითაც იცნობს, დარღვევები გამოავლინა.
აუდიტის ანგარიში 2015-17 წლის პერიოდს მოიცავს, თუმცა დოკუმენტი რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა.
ანგარიშით ირკვევა, რომ კლინიკის იმდროინდელ ხელმძღვანელობასა და ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს შორის ინტერესთა კონფლიქტი არსებობდა, რიგ შემთხვევაში კი შესყიდვები ხელოვნურად ჭიანურდებოდა, რაც საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ და არაეფექტურ ხარჯვას იწვევს.
„კლინიკამ ერთი ექოსკოპიის აპარატის შესაძენად ჩაატარა 10 ტენდერი და შესყიდვის სრული პროცესი 22 თვე გაგრძელდა. ტენდერების პარალელურად ექოსკოპიის აპარატის იჯარით სარგებლობაში კლინიკამ 75,908 ლარი გადაიხადა. აპარატის შესყიდვის პროცედურების დროული დასრულების შემთხვევაში, სავარაუდოდ, შესაძლებელი გახდებოდა მნიშვნელოვანი ოდენობის თანხების დაზოგვა.
ამასთანავე, კლინიკამ შესყიდვების კანონმდებლობის დარღვევით, ექოსკოპიის აპარატით მომსახურებაზე ტენდერის გამოცხადების ნაცვლად პირდაპირ გაუფორმა იჯარის ხელშეკრულება კერძო კომპანიას, რომლის დირექტორიც კლინიკის დირექტორთან საგადასახადო კოდექსით დადგენილი ურთიერთდამოკიდებული პირი იყო“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.
იქვე ვრცლად არის საუბარი რამდენიმე შემთხვევაზე, სადაც კლინიკის დირექტორისა და კერძო კომპანიების ურთიერთდამოკიდებულება იკვეთება. აუდიტის სამსახური საკუთარ ანგარიშში წერს, რომ კლინიკის იმჟამინდელი დირექტორის ქმედებებში, როგორც მინიმუმ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტები იკვეთება.
„კლინიკის დირექტორმა, როგორც სატენდერო კომისიის თავმჯდომარემ, 12 შემთხვევაში ინტერესთა კონფლიქტის არსებობის მიუხედავად, არ გააკეთა თვითაცილება და მონაწილეობა მიიღო საკვალიფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინადადებების განხილვასა და შერჩევა-შეფასებაში. მათ შორის, ოთხ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდნენ ისეთი კომპანიები, რომელთა დირექტორებსა და კლინიკის დირექტორს შორის არსებობდა ინტერესთა კონფლიქტი, რაც წარმოქმნის არაკეთილსინდისიერი ქმედების რისკს.
ამასთანავე, აღნიშნული შემთხვევები მიეკუთვნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და ითვალისწინებდა იმჟამინდელი კლინიკის დირექტორის დაჯარიმებას, თითოეულ შემთხვევაზე 1,500 ლარის ოდენობით.
კლინიკა სახელწიფო შესყიდვების სააგენტოს რეგულარულად არ აწვდის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ინფორმაციას და დოკუმენტაციას მომწოდებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებების შესახებ, რაც ითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და ითვალისწინებს კლინიკის ხელმძღვანელის დაჯარიმებას 1,500 ლარის ოდენობით“, - წერია აუდიტის ანგარიშში.
"რუსთავი 2-ს" რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუმარტეს, რომ კლინიკის იმდროინდელი ხელმძღვანელობა, მათ შორის, დირექტორი და შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი, აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში აღარ მუშაობენ.