19 ნოემბერი 2024,   16:17
ვრცლად
რა გახდა თურქეთში ქართველი ქალის მკვლელობის მიზეზი - ფაქტები და განსხვავებული ვერსიები 

სტამბოლში საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან დაკავშირებით დღეს ახალი ვერსია გაჩნდა. თუ გუშინ თურქული მედია და გარდაცვლილის ახლობლები მხოლოდ ყაჩაღების თავდასხმას განიხილავდნენ, ამჯერად საუბარია, რომ 26 წლის თეონა თუაშვილი მისმა მეუღლემ მოკლა.

მარიკა სონღულაშვილი, რომელიც თუაშვილს გარდაცვალებამდე ერთი საათით ადრე ტელეფონით ესაუბრა ირწმუნება, რომ მოკლულ გოგონას მეუღლესთან პრობლემები ჰქონდა და ბოლო საუბარშიც სწორედ ამას ამბობდა.

თურქულ მედიაში მკვლელობის დღესვე დაიწერა, რომ პოლიციას შემთხვევის ადგილზე დაჭრილი მამაკაცი, პაკისტანის მოქალაქე სახელად ამირი დახვდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პირველადი ინფორმაციით, ის უგონო მდგომარეობაში იყო თუმცა დღეს, სტამბოლში მცხოვრები ქართველები "კურიერთან" ჰყვებიან, რომ ის კლინიკიდან გუშინ საღამოს გამოწერეს, დღეს კი პოლიციაში წაიყვანეს. ერთ-ერთი ვინც გამოჯანმრთელების და პოლიციაში გადაყვანის ფაქტს ადასტურებს თუაშვილის მეგობარი თამარ სიჭინავა. პაკისტანელი მამაკაცის დაკავების შესახებ დაიწერა სოციალურ ქსელში ემიგრანტების ერთ-ერთ ჯგუფშიც.

მეუღლესთან კონფლიქტის, ან სხვა ტიპის პრობლემების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონიათ მოკლული გოგონას ოჯახის წევრებს, რომლებიც მცხეთის რაიონში, ძალისში ცხოვრობენ. ამბობენ, რომ მხოლოდ მწირი ინფორმაცია აქვთ ყაჩაღობის შესახებ და განმარტებებს ოფიციალური უწყებებისგან ელოდებიან.

სტამბოლში, გუნეშლის რაიონში მკვლელობა ორი დღის წინ მოხდა. 26 წლის თეონა თუაშვილს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. ის თურქეთში ბოლო 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და ფაბრიკაში მუშაობდა.

მკვლელობის ძიების მიმდინარეობის, ან ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ ადგილობრივ პოლიციას ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია. მათგან ინფორმაციის მიღებას ელოდება თურქეთში საქართველოს საკონსულოც. ამასთან დიპლომატიური უწყება გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების საკითხზე მუშაობს.

დღის ამბები