09 სექტემბერი 2026,   08:54
ვრცლად
უნდა გავეცნოთ დეტალებს რამდენად ადეკვატურად მოხდა პაციენტთან კომუნიკაცია და კითხვარის შევსება - ჯანდაცვის მინისტრი მეგი ბაქრაძეზე

ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მეგი ბაქრაძეს კორონავირუსზე აცრის მომენტისთვის ორმხრივი პნევმონია ჰქონდა, დღეს გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრი გამოეხმაურა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ინფორმაცია მან მედიის საშუალებით მიიღო, საკითხზე შესაბამისი მსჯელობა კი, დღეს სამინისტროში გაიმართება.

"ჯერ არ გავცნობივარ, მედიიდან შევიტყვე გუშინ, დღეს მივალ სამინისტროში, ამასთან დაკავშირებით შეიკრიბება პროფესიონალთა ჯგუფი, იმსჯელებენ, რეგულირების სააგენტო გააგრძელებს მოკვლევას და პროფესიული საბჭოს ფორმატში გამოვიტანთ დასკვნას. პაციენტის ჩივილის დაფიქსირება არის მნიშვნელოვანი, აქედან გამომდინარე, უნდა გავეცნოთ დეტალებს, რამდენად ადეკვატურად მოხდა პაციენტთან კომუნიკაცია და მნიშვნელოვანი კითხვარის შევსება," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტრაგიკული შემთხვევა ახალციხეში 18 მარტს მოხდა. მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობა ვაქცინის მიღებიდან 40 წუთში დამძიმდა. მის გადარჩენას ექიმები ორი დღის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. საქმეზე გამოძიება როგორც ახალციხეში, ისე თბილისში მიმდინარეობს. საქმე 116-ე მუხლით არის აღძრული, რაც სხვისი სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

დღის ამბები