ურავლის გზაზე, რომელიც ახალციხესთან 7 სოფელს აკავშირებს, კლდე ჩამოიშალა. ფოტომასალა სოციალურ ქსელში საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კოორდინატორმა სამცხე-ჯავახეთში, თამუნა უჩიძემ გაავრცელა.
ამის შემდეგ, თამუნა უჩიძემ "რუსთავი 2-თან" საუბრისას განაცხადა, რომ გზა საშიშროებას წარმოადგენს და მერიამ მინიმუმ გეოლოგიური დასკვნა უნდა მოამზადოს, სადაც რეალური პრობლემა იქნება ასახული.
პრობლემა კლდის ჩამოშლასთან დაკავშირებით უკვე დიდი ხანია არსებობს და წლების წინ გზაზე უბედური შემთხვევაც მოხდა, რა დროსაც მანქანაში ადამიანები მოყვნენ.
"ეს გზის მონაკვეთი ადმინისტრაციის ცენტრთან, ახალციხესთან 7 სოფელს აკავშირებს. არის დაახლოებით 5 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომლის გასწვრივაც პერიოდულად 7-8 ადგილზე ლოდები ცვივა. გარდა ამისა, ამ გზით ასპინძის სოფლები ახალციხეს უკავშირდებიან. ეს არ არის უცებ გაჩენილი პრობლემა. გასულ წლებში ამ გზაზე უბედური შემთხვევაც მოხდა, მანქანაში ადამიანები მოყვნენ. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ჰყავს სამოქალაქო საბჭო. ეს არის მოხალისეების გაერთიანება. ამ პრობლემის შესახებ ჩვენი საბჭოს წევრებმა გვითხრეს, 2019 წელს კი, ახალციხის ადგილობრივ თვითმმართველობას მივმართეთ, რომ შეესწავლათ ეს საკითხი, გაეთვალისწინებინათ ბიუჯეტში თანხა და ეს პრობლემა მოეგვარებინათ. თუმცა არანაირი რეაგირება არ ყოფილა. 2021-ის დასაწყისში კი კლდიდან იმ ლოდების მოცილება დაიწყეს, რომელიც საფრთხეს წარმოადგენდა და სცვიოდა. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს საკითხი საჭიროებს სისტემურ მიდგომას. მერიას უნდა ჰქონდეს მინიმუმ გეოლოგიური დასკვნა და ამისთვის ერთჯერადი გაწმენდა კლდის არ არის საკმარისი. დღეს კლდის ნაწილი კიდევ ჩამოიშალა," - განაცხადა "რუსთავი 2-თან" "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" კოორდინატორმა სამცხე-ჯავახეთში, თამუნა უჩიძემ.