საქართველოში, ვაქცინაციის პროცესის დაწყებასთან ერთად, საზოგადოებაში უამრავი კითხვა გაჩნდა - რამდენად უსაფრთხოა ის ვაქცინები, რომლებიც საქართველოში შემოვიდა, შეიძლება თუ არა აცრა იმ ადამიანებისთვის, ვისაც სხვადასხვა ალერგია ან ქრონიკული დაავადება აქვთ.
სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ვაქცინა არ არის საშიში რომელიმე დაავადების მქონე ადამიანისთვის, მათ შორის - არც ონკოპაციენტებისთვის და ვაქცინის გაკეთებამდე რაიმე სახის ანალიზების ჩატარების საჭიროება არ არსებობს.
ვაქცინაცია და ფილერი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ იმ ადამიანებში, ვინც ხშირად ხმარობს ფილერს, "ფაიზერის" ვაქცინით აცრას, შესაძლოა, მოჰყვეს გარკვეული ადგილობრივი გართულებები - ადგილობრივი და არა სისტემური, ანუ არაანაფილაქსიური გართულებები.
ამ საკითხზე სპეციალისტების აზრი ორად გაიყო. ნაწილი თვლის, რომ შეიძლება შემავსებელი (ფილერი) იყოს პრობლემა, ნაწილი კი ცალსახად აცხადებს, რომ ფილერი არანაირ პრობლემას არ შექმნის.
"ფილერზე რეაქცია იშვიათად ფიქსირდება, ვისაც ფილერი აქვს, ყველამ უნდა გაიკეთოს ვაქცინა აუცილებლად! " - ამბობს "რუსთავი 2-თან" ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.
მისივე თქმით, თუ ადამიანს მწვავე დაავადება აქვს და ამაზე მკურნალობს, აუცილებლად უნდა დაელაპარაკოს მკურნალ ექიმს დროებით გადავადების თაობაზე.
შესაძლებელია თუ არა მენსტრუალური ციკლის დროს ვაქცინის გაკეთება
"რაც შეეხება მენსტრუალურ ციკლს, ამ დროს შეიძლება ქალმა ცოტა ხნით შეიკავოს თავი, რადგან ასეთ დროს ძვრებია ორგანიზმში და თუ გადაავადებს ვაქცინაციას, ამით არაფერი დაშავდება,"- აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.
არის თუ არა საჭირო აცრამდე გამოკვლევების გაკეთება
დღეს მედიისთვის გამართულ ვებინარზე ამ საკითხის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმუნოპროფილაქტიკური სამმართველოს უფროსმა ლიკა ჯაბიძემ ისაუბრა.
"ჯერჯერობით, არცერთ ვაქცინას არ აქვს მოთხოვნაში ის, რომ აცრების ჩატარების წინ საჭიროა რაიმე სახის ლაბორატორიული ტესტირების, ან დიაგნოსტირების ჩატარება. აქედან გამომდინარე, ლაბორატორიული გამოკვლევები კონკრეტულ ვაქცინაზე, მით უმეტეს ის, რომელიც საქართველოში გამოიყენება, ან როგორც უკვე გითხარით, დანარჩენ ქვეყნებში გამოყენებულ ვაქცინას ლაბორატორიული ტესტირება არ სჭირდება", – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმუნოპროფილაქტიკური სამმართველოს უფროსმა ლიკა ჯაბიძემ.
როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როდესაც მას არ აქვს საკუთარი ალერგიის შესახებ საკმარისი ინფორმაცია და არ იცის კონკრეტულად რაზეა ალერგიული?
ამ საკითხის შესახებ ალერგოლოგმა მაია გოთუამაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისეთ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქეს არ აქვს ინფორმაცია საკუთარი ალერგიის სხვა გამოვლინების შესახებ, საკმარისია პაციენტის გამოკითხვა.
"თუ ეს არის ალერგიის სხვა გამოვლინება, როდესაც ის ვერ ერკვევა, აქვს თუ არა მას კატეგორიული უკუჩვენება, ამ შემთხვევაში საკმარისია გამოკითხვა, ანამნეზი, როდესაც პაციენტის გამოკითხვით ვიგებთ, თუ როგორი ისტორია და რა ტიპის ალერგია ჰქონდა მას. რაიმე სპეციფიკური გამოკვლევის გაკეთებაზე ამ შემთხვევაში რეკომენდაცია არ არის… თუ პაციენტი არის ჯანმრთელი ან მოცემულ კონკრეტულ მდგომარეობაში კონტროლირებულია, ის შეიძლება მივიდეს ასაცრელად და თუ ეს კითხვები რჩება, დაიხმაროს ექიმი", – აღნიშნა მაია გოთუამ.