სპეციალური პროტოკოლით მოქალაქეების იმუნიზაცია გრძელდება. COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა, ამ დროისთვის, 5000-მდე ადამიანმა გაიკეთა. Pfizer-ის ვაქცინის შემოტანის მიუხედავად, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს და 65 წელს ზემოთ გადაცილებული ადამიანებს ვაქცინაცია, ჯერჯერობით, AstraZeneca-ს პრეპარატით უტარდებათ. კლინიკებმა დარიგებული მარაგები უნდა ამოწურონ.
Pfizer-ით მოქალაქეები აცრას სამშაბათიდან შეძლებენ. პრეპარატისადმი განსაკუთრებული სანდოობის გამო, ამ დროისთვის რეგისტრაციის თითქმის ყველა ფანჯარა შეივსო. სპეციალურ ვებგვერდზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მსურველი 8490 პირია რეგისტრირებული, მათ შორის Pfizer-ით აცრის სურვილი 6000-მა ადამიანმა გამოთქვა.
Pfizer-ის ვაქცინაცია 6 სამედიცინო დაწესებულებაში განხორციელდება. ერთ-ერთი კი რესპუბლიკური საავადმყოფოა.
სპეციალისტები ვაქცინაციას ლოკდაუნის თავიდან აცილების გზად მიიჩნევენ და პროცესის ჩავარდნის შემთხვევაში, ქვეყანაში ეკონომიკური რეცესიის გაღრმავებას პროგნოზირებენ.
სწორედ ვაქცინაციის პროცესის პოპულარიზაციის და მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებისთვის ჯანდაცვის მინისტრი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან რეგიონებში შეხვედრებს მართავს. მესამე ტალღის მოლოდინისა და რისკების გათვალისწინებით, უწყების ხელმძღვანელი მოქალაქეებს მაქსიმალური პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს.
კოვიდის ვაქცინა არ არის უკუჩვენება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი არის ინფიცირებული და ინკუბაციურ პერიოდში იმყოფება, ანუ კლინიკური ნიშნები არ აქვს მას გამოხატული - ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.