19 ნოემბერი 2024,   16:21
ვრცლად
"ქართულმა მაფიამ უკრაინის რკინიგზა გაძარცვა" - უკრაინის რადა რკინიგზაში ფინანსურ დარღვევებთან მიხეილ სააკაშვილის კავშირს შეისწავლის

უკრაინის რადაში დროებითი საგამოძიებო კომისია ქვეყნის რკინიგზაში ფინანსურ დარღვევებთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კავშირს შეისწავლის. "ქართულმა მაფიამ უკრაინის რკინიგზა გაძარცვა" - ამ სათაურით დაბეჭდილი სტატიის ავტორების მტკიცებით, უკრაინის ეკონომიკას სახელმწიფო ტრანსპორტის კოლაფსი ემუქრება, რაც გამოწვეულია რკინიგზაზე გადაადგილების მოსალოდნელი შეჩერებით, პასუხისმგებლობას კი მიხეილ სააკაშვილსა და მის მეგობარს, ვლადიმირ ჟმაკს აკისრებენ.

რადას მიერ უკრაინის რკინიგზაში ფინანსური დარღვევების გამოსაძიებლად შექმნილ კომისიას დეპუტატი იულია გრიშინა ხელმძღვანელობს. 

უკრაინის რკინიგზაში არსებულ კორუფციაზე საუბრობს დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი. ანდრეი რიაზანცევი ამბობს, რომ უკრაინაში სატვირთო სარკინიგზო გადაზიდვები, სავარაუდოდ, ექვსჯერ უფრო მომგებიანი იქნებოდა, თანხის გაფლანგვა რომ არ ხდებოდეს.

მიხეილ სააკაშვილს ბრალდებებთან დაკავშირებით დღეს კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა, მისი გუნდის ყოფილი და მოქმედი წევრები თბილისში დარწმუნებული არიან, რომ სააკაშვილის მიმართ უარყოფითი კამპანია სპეციალურად დაიწყო, რათა, მათი თქმით, ოდესის ყოფილი გუბერნატორის რეპუტაცია შეილახოს.

უკრაინაში დაწყებულ გამოძიებას მმართველი გუნდიც გამოეხმაურა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან სახელმწიფო თანხის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება გასაკვირი მათთვის არ არის.

საბოლოოდ იკვეთება თუ არა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის კავშირი და დანაშაულის ნიშნები უკრაინის რკინიგზასთან, ამის შესახებ რადას საგამოძიებო კომისიის მიერ საბოლოო დასკვნის გავრცელების შემდეგ გახდება ცნობილი. მანამდე კი, მხოლოდ ის არის დაზუსტებული, რომ არსებული პრობლემების გამო, 31 მარტს მთელი უკრაინის მასშტაბით რკინიგზის თანამშრომლების საყოველთაო გაფიცვა დაიწყება.

 ავტორი: ლიკა ალელიშვილი 

დღის ამბები