გოგი წულაია, რომელიც სექსუალური ძალადობის ბრალდებით არის დაკავებული, უკვე მე-9 დღეა შიმშილობს. მისმა უფლებადამცველმა ვალერი გელბახიანმა "რუსთავი 2-ს" განუცხადა, რომ გოგი წულაია გარდა იმისა, რომ საკვებს არ იღებს, ასევე უარს ამბობს მედიკამენტების მიღებაზეც, რამას შესაძლოა მისი კომაში ჩავარდნა გამოიწვიოს.
ადვოკატმა ჯერ არ იცის, შეწყვეტს, თუ არა გოგი წულაია შიმშილობას, თუმცა ამბობს, რომ გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შიმშილობის შეწყვეტა პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსს ოჯახმაც მოუწოდა.
შეწყვეტს, თუ არა სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული გოგი წულაია შიმშილობას, ამას ადვოკატი ორშაბათს გაარკვევს.
"უკვე მე-9 დღეა რაც შიმშილობს. გუშინ მთელი დღის განმავლობაში იყო შეხვედრები მასთან და თხოვნები, რომ შეეწყვიტა შიმშილობა. ოჯახის თხოვნაც გადავეცით. ორშაბათს გავიგებთ შეწყვიტა, თუ არა შიმშილობა. შაბათ-კვირას მასთან კომუნიკაცია არ მაქვს.
ჯანმრთელობის კუთხით, ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს, არაფერი მიუღია, არც მედიკამეტები. სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა. მას შაქრიანი დიაბეტი აქვს ქრონიკულ ფორმაში და საკვები პროდუქტების მიუღებლობამ, შესაძლოა მისი კომაში ჩავარდნა გამოიწვიოს,"- განუცხადა "რუსთავი 2-ს" გოგი წულაიას ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა.
ვალერი გელბახიანმა "რუსთავი 2-ს" ასევე უთხრა, რომ მან გუშინ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს იმ სამართალდაცავების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების მოთხოვნით მიმართა, ვინც გოგი წულაიას დაკავებაში მონაწილეობდნენ.
ადვოკატის განცხადებით, მან მიმართვას თან დაურთო მასალები, მათ შორი ვიდეო მასალა, სადაც ასახულია დარღვევები.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობაში ბრალდებულ გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 19 მარტს შეუფარდა.