19 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
გაგვაჩნია ძალა, რომ ავლაგმოთ, ვაფრთხილებ, საბოლოოდ და ვადას ვაძლევ​ - მიტროპოლიტი სტეფანე 

ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი, იმ პირებს, რომლებიც ეპარქიაში მის წინააღმდეგ გამოდიოდნენ ბოლო გაფრთხილებას აძლევს და სინანულისკენ მოუწოდებს. 

მიტროპოლიტი სტეფანეს თქმით, "ამბოხში" მონაწილე საერო პირებს და ასევე დაბალი იერარქიის სასულიერო პირებს, თუ კვირამდე თავის საქციელს არ მოინანიებენ, კვირა დღიდან ზიარება აეკრძალებათ. რაც შეეხება მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს, მათ ერთკვირიანი ვადა ეძლევათ სინანულისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში კი როგორც მიტროპოლიტი ამბობს, ის უფრო აქტიურ ქმედებებზე გადავა:

"მე ყველას მოვუწოდებ სინანულისკენ, ბოლო გაფრთხილება იქნება, რომ ყველა იმ ადამიანმა ვინც ამ ამბოხში მიიღო და აგრძელებს მონაწილეობას. გონს მოვიდეთ, უფსკრულის წინაშე დგანან და საქართველოს გადაჩეხაც უნდათ, მაგრამ იცოდნენ, რომ საქართველო მათ არ გადაჰყვება, ჩვენ გაგვაჩნია იმის ძალაც და შესაძლებლობაც, რომ ეს მოქმედებები ავლაგმოთ. მაგრამ ეს არ არის ძალისმიერი მეთოდები, ეს არის ეკლესიური მეთოდები და ამ მეთოდებს ჩვენ გამოვიყენებთ. მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ, უკვე საბოლოოდ და ვადას ვაძლევ იქითა კვირა დღემდე, რომ ყველა ადამიანი ვინც ამაში მონაწილეობდა მოვიდეს და მოინანიოს.

პეტრემ და თავის დამქაშებმა, რომლებიც ჩემ ეპარქიაში არ არიან, მაგრამ ჩემს ეპარქიას ეხებიან ბინძურად მათაც ვაფრთხილებ, იმიტომ, რომ ვარ სინოდის წევრი და რა თქმა უნდა, ამ საკითხს დავაყენებ სინოდზე ძალიან მკვეთრად, არაფერი გადადება ამ საკითხის აღარ შეიძლება," - განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

შეგახსენებთ, სასულიერო პირების და მრევლის ნაწილი პროტესტს გამოთქვამს მარტვილის ეპარქიის მმართველის შეცვლის გამო. ისინი საპატრიარქოსგან ითხოვენ, რომ ეპარქიის ყოფილ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას ან დანაშაული დაუმტკიცონ, ანდა ისევ ეპარქიის მმართველად დააბრუნონ. აღნიშნული პირები პროტესტით ხვდებიან მიტროპოლიტი სტეფანეს მისვლას სხვადასხვა ეკლესია-მონასტერში.

დღის ამბები