19 ნოემბერი 2024,   16:42
ვრცლად
მშობლებმა 3 წლის მძინარე ბავშვი სახლში დატოვეს, მოგვიანებით კი გოგონა გაუჩინარდა - პორტუგალიაში მომხდარი შემთხვევა ჯერ კიდევ გამოუძიებელია

ბრიტანელი მედლინ მაკკანის გაუჩინარება ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და საიდუმლოებით მოცული საქმეა ევროპელი სამართალდამცველებისთვის. საქმეს მედია დეტალურად აშუქებდა, მის ძებნაში ევროპის არაერთი ქვეყნის გამომძიებლები არიან ჩართული, თუმცა ბავშვის კვალს ვერავინ მიაკვლია. 

3 წლის გოგონა 2007 წლის 3 მაისს საწოლიდან "გაქრა" - ბავშვი მშობლებთან ერთად დასასვენებლად პორტუგალიაში, კუროტ პრაია და ლუცში იმყოფებოდა. იმის გამო, რომ მისი პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა, გერმანელმა პროკურორებმა გასულ წელს ივარაუდეს, რომ ბავშვი უკვე გარდაცვლილია. 

მედლინთან ერთად პორტუგალიაში, მშობლების გარდა, 2 წლის ტყუპი და-ძმა და ოჯახის მეგობრებიც იმყოფებოდნენ. მშობლებმა მედლინი და ტყუპები საღამოს, დაახლოებით 8 საათზე ლოგინებში მძინარე დატოვეს და მეგობრებთან ერთად აპარტამენტიდან, დაახლოებით, 50 მეტრის მოშორებით, რესტორანში წავიდნენ სავახშმოდ. ჯერი და ქეით მაკკანები ამბობენ, რომ საღამოს განმავლობაში ბავშვები რამდენჯერმე შეამოწმეს, თუმცა ბოლოს, 22 საათზე ქეითს შვილის საწოლი ცარიელი დახვდა. 

კვირების განმავლობაში უშედეგო ძებნის შემდეგ პორტუგალიის პოლიციაში ივარაუდეს, რომ მედლინი სახლში  გარდაიცვალა და მშობლებმა ამბავი დამალეს. 2007 წელს მაკკანებს ეჭვმიტანილების სტატუსი მიანიჭეს, თუმცა სამხილების არარსებობის გამო, 2008 წელს, აღნიშნული სტატუსი მოუხსნეს. 

მშობლები გამოძიებას პირადი დეტექტივების საშუალებით განაგრძობდნენ, ვიდრე ბრიტანეთის სკოტლენდ იარდმა საქმის გამოძიება საკუთარ თავზე აიღო, 2011 წელს. გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ საქმეს განიხილავდნენ, როგორც უცნობი პირის მიერ ჩადენილ დანაშაულად - ვარაუდობდნენ, რომ გატაცება წინასწარ იყო დაგეგმილი. 

2013 წელს სკოტლენდ იარდმა გამოაქვეყნა მამაკაცების ფოტოები, რომლებსაც ეძებდნენ - მათ შორის იყო კადრიც, სადაც ჩანდა, როგორ მიჰყავდა იმ ღამით სანაპიროზე ბავშვი ერთ-ერთ მამაკაცს. მალე პორტუგალიის პოლიციამ საქმის გამოძიება ხელახლა დაიწყო. სამართალდამცველებმა მნიშვნელოვან სამხილებს ვერ მიაგნეს.

2020 წლის ივნისში გერმანიის ქალაქ ბრაუნშვაიგის პოლიციამ განაცხადა,რომ საქმეში ახალი ეჭვმიტანილი გამოჩნდა - 43 წლის გერმანელი პატიმარი, კრისტიან ბრუკნერი, რომელიც სექსუალური ძალადობის მუხლით ადრეც გასამართლებულა.

"ის ზუსტად ემთხვევა ადამიანის აღწერილობას, რომელსაც შეეძლო მოეტაცა, ან მოეკლა ისეთი პატარა გოგონა, როგორიც მედლინ მაკკანი იყო," - ამბობს გერმანელი ანალიტიკოსი მარკ ჰოფმანი. 

ჰოფმანის თქმით, ბრუკნერის ტელეფონი იმ ადგილას იპოვეს, სადაც გოგონა გაუჩინარდა. 

საქმეზე გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება, გოგონას მშობლებს იმედი აქვთ, რომ დამნაშავის პოვნას შეძლებენ და ბოლოსდაბოლოს, ცხადი გახდება, რა ვითარებაში გაუჩინარდა მათი 3 წლის შვილი. 

დღის ამბები