უკვე 20 წელზე მეტია, საქართველოში 29 მარტი როგორც თამბაქოსგან თავისუფალი ეროვნული დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, ინფორმაციას თამბაქოს კონტროლის ალიანსი ავრცელებს.
"2017 წლის 17 მაისიდან, მას შემდეგ, რაც ქვეყნის პარლამენტმა, ახალი, გამკაცრებული, თამბაქოს კონტროლის კანონი მიიღო, ყოველი ახალი 29 მარტი განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს. ქართველი საზოგადოების უფრო მეტი ნაწილი ათვითცნობიერებს თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი სივრცის მნიშვნელობას, აღიარებს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს ალტერნატივა არ აქვს და ცდილობენ სამუდამოდ უარი თქვან ნიკოტინდამოკიდებულებაზე.
მსოფლიოს საყოველთაო გაფრთხილებამ "მოწევა კლავს" შედეგი გამოიღო და თამბაქოს კლასიკური ნაწარმი, ჩვეულებრივი სიგარეტი პოპულარობას კარგავს. თუმცა, თამბაქოს ინდუსტრია ფარ-ხმალს არ ყრის და ცდილობს ბაზარი მოზარდებით და ახალგაზრდებით გაამყაროს და იმისათვის, რომ მოწევაზე დამოკიდებული გახდნენ, მათ სხვადასხვა მარკეტინგული ხრიკებით შეფუთულ, მომწამლავ, ახალ ტექნოლოგიურ პროდუქტებს, ელექტრონულ სიგარეტსა და გახურებად თამბაქოს სთავაზობს. ამასთან, ინდუსტრია აქტიურად ცდილობს ყველა ქვეყნის ხელისუფლებაში დასაყრდენის პოვნას და შესაბამისად მთავრობების საქმიანობის გაკონტროლებას. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ერთ-ერთი მოწინავეა, რომელსაც თამბაქოს ინდუსტრიის გავლენების მიხედვით, თამბაქოს ჩარჩო კონვენციის მიერ მინიჭებული არასახარბიელო ინდექსი აქვს.
ვიმედოვნებთ, მომავალი წლის 29 მარტისთვის, მთავრობა გამოწვევად დაისახავს, მოიშოროს თამბაქოს ინდუსტრიისგან მართვადის იარლიყი და პირველ რიგში, პარლამენტთან ერთად თამბაქოს კონტროლის კანონის კიდევ უფრო სრულყოფას შეეცდება.
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, ნებისმიერ დახურულ სივრცეში, ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე, თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტის მოხმარება დაუყოვნებლივ უნდა აიკრძალოს. დღეისათვის მოწევა დაშვებულია კაზინოებსა და სლოტკლუბებში, რასაც თამბაქოს ინდუსტრიამ პარლამენტსა და აღმასრულებელ მთავრობაში საკუთარი ლობების დახმარებით მიაღწია.
საქართველოს მთავრობა უკვე თითქმის სამი წელია, არღვევს „თამბაქოს კონტროლის“ შესახებ კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნას, 2018 წლის 1 ივნისამდე მიეღო მთავრობის დადგენილება „საჯარო დაწესებულებაში თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის დაცვისა და სახელმწიფოს თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთან ურთიერთობის წესის დამტკიცების შესახებ“. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი ყველა შესაბამის უწყებასთან შეთანხმებულია და მთავრობას 2018 წლის ივნისში მიეწოდა, დღემდე არც განუხილავთ.
ვიმედოვნებთ, ახალი მოწვევის პარლამენტი განაგრძობს თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გაძლიერებას და მთავრობას მოუწოდებს კანონის დაცვას და 2018 წლიდან დღემდე თაროზე შემოდებული ნორმატიული აქტის მიღებას.
მალე პარლამენტს წარედგინება ახალი კანონპროექტი ტაქსებში მოწევის აკრძალვის შესახებ. სავარაუდოდ, დაისმება საკითხი მსუბუქ ავტომობილში ბავშვებთან ერთად მგზავრობისას მოწევის აკრძალვის შესახებაც.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევებით, მოსახლეობის 90%-მდე თანახმაა ტაქსებში მოწევა აიკრძალოს. ხალხი ირჩევს თამბაქოსგან თავისუფალ სივრცეს. მთავრობაც უნდა ემსახურებოდეს ხალხის ინტერესს და კონსტიტუციურ უფლებას, იცხოვროს ჯანსაღ გარემოში და ხელს არ უნდა უწყობდეს მომაკვდინებელი პროდუქციის მწარმოებლების, თამბაქოს ინდუსტრიის „ნათელ მომავალს". რაც უკვე არაერთხელ გვითქვამს,"- აღნიშნულია განცხადებაში.