19 ნოემბერი 2024,   16:21
ვრცლად
"არ დავემორჩილები, ეგ არის ცრუ, ჰგონიათ მაზოხისტები ვართ? თვითონ შემოიტანა განხეთქილება" - ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება გრძელდება

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება გრძელდება, დასჯილი და გაფრთხილებული სასულიერო პირები ეპისკოპოსის მითითებების შესრულებას არ აპირებენ. წინამძღვრის სტატუსშეჩერებული მონაზონი სოსანა მიტროპოლიტი სტეფანეს განკვეთას ითხოვს. ვინ დგას დაპირისპირების უკან - ეპარქიაში აზრი ორად იყოფა. მეუფე სტეფანე მომხდარს ეკლესიაში ამბოხის მცდელობად აფასებს, დანარჩენები კი სხვა ქვეყნის საპატრიარქოს ინტერესებზე საუბრობენ.

"კითხვებს ვსვამდი, "მეუფევ, როდის ჩაინიშნება ის გაფართოებული სხდომა, როდის გაეცემა პრობლემურ საკითხებს და კითხვებს პასუხი?" ამან გამოიყვანა მდგომარეობიდან და მითხრა, "შენი საქმე არ არის, ერთი ადგილი დააყენე ქალო", ამ სიტყვების გამო ის ეკლესიიდან უნდა განიკვეთოს. მე, ჩემი ნებით, ჩემს მონასტერს, რომელშიც ამდენი წელი ვცხოვრობდი და ჩემი სახლია, არ დავტოვებ," - აცხადებს მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი მონაზონი სოსანა.

ის ბერები კი, რომლებსაც ზიარება აეკრძალათ, წმინდა სინოდზე ჭყონდიდის ეპარქიაში არსებული ვითარების განხილვის აუცილებლობაზე საუბრობენ.

"არ დავემორჩილები, იმიტომ რომ ეგ არის ცრუ, ჩვენ მზად ვართ ყველაფრის დამტკიცებისთვის. მეუფე პეტრემ რაც ბრალდება წაუყენა მაგათ, მისცენ საშუალება და ამტკიცებს. აი, ჩვენ ვითხოვთ, რომ დაამტკიცოს მაგან რაც წარმოთქვა. როგორ ჰგონია, ჩვენ არ გვტკივა გული მაგაზე? თუ იმათ ჰგონიათ, ჩვენ მაზოხისტები ვართ? თვითონ შემოიტანა განხეთქილება ეკლესიაში, თვითონ აურია ყველაფერი, პირველი დღიდანვე დაიწყო დასჯა," - აცხადებს ბერი ბასილი.

სასჯელს არასწორს უწოდებს ბერი ამბროსიც და აცხადებს, რომ ბერულ ცხოვრებას ჩვეულებრივ გააგრძელებს:

"რაც დედაომ დაიმსახურა არასწორი დასჯა, ისე დავიმსახურე მეც, ზიარების აკრძალვას შეიძლება დავემორჩილო, შეიძლება ისიც, მაგრამ არა მგონია, ჩვეულებრივ ბერულ ცხოვრებას გავაგრძელებ," - განაცხადა ბერი ამბროსიმ.

ბერი დავითი ამბობს, რომ ისინი სიმართლის გარკვევის მოთხოვნის გამო ისჯებიან:

"თუ ადამიანს გაგება უნდა, ისეთ რამეს ვითხოვთ, რომ ნებისმიერი ადამიანი გაიგებს - სიმართლის გარკვევას. შეიკრიბოს, 10 კაცი იქნება თუ 20 და გაარკვიონ სიმართლე, ამას ვითხოვთ და ამისთვის გვსჯიან," - ამბობს ბერი დავითი.

დღის ამბები