ჯანდაცვის სამინისტრო და მედიკოსები არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ 56 წლის ექიმის გარდაცვალების ან მისი მდგომარეობის დამძიმების ერთ-ერთი მიზეზი ვაქცინაცია გახდა.
მედიკოსი, რომელსაც თანმდევი დაავადებები ჰქონდა, 5 დღის წინ, სუნთქვის უკმარისობით და ბრონქიალური ასთმით ჩაფიძის კლინიკაში აღმოჩნდა. ის 2 კვირით ადრე აიცრა.
"ჰქონდა სუნთქვის ქრონიკული უკმარისობა. ჟანგბადდამოკიდებული იყო ეს ქალბატონი. მძიმე მდგომარეობაში შემოვიდა. გულის უკმარისობა ჰქონდა, კარდიალური ასთმა და გულ-ფილტვის უკმარისობით ეს პაციენტი გარდაიცვალა.
ვაქცინა ჰქონდა გაკეთებული. შეიძლება 2 კვირის წინ ისეთი დამძიმებული არ იყო. დაავადება მიმდინარეობს ტალღისებურად," - აღნიშნა ჩაფიძის სახელობის კლინიკის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის პულმონოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამაზ მაღლაკელიძემ.
"16-ში ვაქცინირებული, 1 კვირა თუ 8 დღე იარა ჩვეულებრივად სამსახურში, პაციენტებს ღებულობდა. დატვირთული და მოთხოვნადი ექიმი იყო და საერთოდ არაფერი პრობლემა არ ჰქონია. ზოგადად ეს ქალბატონი ქრონიკული პაციენტი იყო და ხშირად უწევდა ბიულეტენზე გასვლა," - განაცხადა "მედკაპიტალის" კლინიკის დირექტორმა ზაზა ჯაფარიძემ.