19 ნოემბერი 2024,   20:23
ვრცლად
ენგურმა 3 ცხედარი გამორიყა - გარდაცვლილების ნათესავი ამბობს, რომ დაკარგულად 2 ადამიანი ითვლება 

ენგურმა 3 ცხედარი გამორიყა. ამ წუთებში ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, მაშველები კიდევ ერთ დაკარგულს ეძებენ. "კურიერის" ინფორმაციით, ოკუპირებულ გალში მცხოვრები მოქალაქეები ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობდნენ. გარდაცვლილები უკვე იდენტიფიცირებულები არიან. 

გალის რაიონის სოფელ ოქუმში მცხოვრები ნინო რიგვავა, რომელიც გარდაცვლილების ნათესავია, ამბობს, რომ ამ დროისთვის დაკარგულად კიდევ 2 ადამიანი ითვლება. მისი თქმით, სულ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას 5 ადამიანი ცდილობდა.

"ახლა ის ორი ქალბატონიც უპოვიათ, ასე ამბობენ. ანუ, დღეს დილისთვის ნაპოვნი იყო მხოლოდ თამაზ ვასვანძე და სულ დაკარგული იყო 5 ადამიანი. ორი ადამიანი არის ერთი ოჯახის წევრი და ნათესავები არიან დანარჩენები. ერთი არის გალიდან, დანარჩენი არიან სოფელი წარჩიდან.

ის ორი დაკარგულად ითვლება, იმიტომ, რომ რადგანაც არც საკარანტინე ზონაში არ არიან და არც ნათესავებთან და ინფორმაცია არ აქვთ, ესე იგი დაიხრჩვნენ. ექიმთან სამკურნალოდ მიდიოდნენო, ასე გავიგე მე. იმიტომ, რომ ასეთ წვიმაში ენგურის წყალზე არავინ გარისკავს. მეც მქონდა ასეთი მდგომარეობა ზაფხულში, მერე გადავედი აგვისტოს თვეში. მოილაპარაკებენ ხოლმე 5 ადამიანი და ისე გადადიან, იმიტომ, რომ წყალში სახიფათოა. ბავშვი მყავდა ავად. ვირუსი მოხდილი მქონდა, არ ვთვლიდი საჭიროდ 12 დღე კარანტინში გამეტარებინა, იმიტომ, რომ ბავშვი ექიმთან უნდა წამეყვანა. ჩვენც წყალმა წაგვიღო, მაგრამ მაშინ ზაფხული იყო და არ იყო იმდენად დიდი წყალი და თავს ვუშველეთ.

ასეთი ტრაგიკული მდგომარეობა გვაქვს, რომელიც ყველა ჩვენგანს შეგვეხება. რატომ არ გვიხსნიან ამ კარანტინს, თუ სხვებისთვის ეს pcr ტესტი კეთდება და შიდა იზოლაციით, მე წარმოდგენა არ მაქვს," - ამბობს ნინო რიგვავა. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის. საოკუპაციო რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილების გამო, რომელსაც ერთ წელზე მეტია ხიდი ჩაკეტილი აქვს, მოქალაქეები იძულებულები არიან მდინარით და შემოვლითი გზებით ისარგებლონ, რაც მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ენგურის ხიდი ერთ წელზე მეტია ჩაკეტილია, რამდენიმე კვირის წინ საოკუპაციო საზღვრის გადაკვეთის უფლება, მხოლოდ პენსიონერებს და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებს მისცეს.

გამოძიება 143-ე და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დღის ამბები