19 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
"ბოლოს რუსთაველზე დადიოდა ამღვრეული თვალებით, სულ მქონდა განცდა, რომ სადღაც ბელას ეძებდა..." - ნიკა წულუკიძე კახი კავსაძეს იხსენებს

მსახიობ კახი კავსაძეს დღეს დაკრძალავენ,მას ქაშუეთის ეკლესიიდან გაასვენებენ და საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ.

თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე ამბობს, რომ კახი კავსაძე იყო მაგალითი, როგორ უნდა ყვარებოდა ადამიანს საკუთარი პროფესია, ქალი, სამშობლო...

"ქუჩაში რომ მიდიოდა, სულ აჩერებდნენ და ბოლომდე უკვირდა - კაცო, რატომ უნდათ ჩემთან ფოტოს გადაღებაო, ბოლომდე არ სჯეროდა, რომ ასეთი პოპულარული იყო. 

ალენ დელონი რომ იყო ჩამოსული, ვუთხარი, კახო, წამოდი ფოტო გადავიღოთ-თქო და მრცხვენიაო, მსოფლიო არტისტია და არ შევაწუხოთო. ვუთხარი, შენ ჩვენი ალენ დელონიც ხარ და მარლონ ბრანდოც- თქო და მერე რომ მირეკავდა, მეუბნებოდა, ალენი ვარ დელონიო, მეხუმრებოდა.

ბოლოს რუსთაველზე დადიოდა ამღვრეული თვალებით, სულ მქონდა განცდა, რომ სადღაც ბელას ეძებდა, რომ მისი ყველაზე დიდი სიყვარული ენახა. 

ერთხელ მითხრა - სახლში ვიჯექი, სამზარეულოშიო, ბელაზე ვფიქრობდიო და ვუთხარი - ბელა, ხომ აქ ხარ, რაღაცით მაგრძნობინეო და უცებ კოვზი მაგიდიდან თავისით გადმოვარდა და ვიგრძენი, რომ ეს იყო ბელა, რომელიც სულ ჩემთან ერთად იყოო," - იხსენებს ნიკა წულუკიძე.

დღის ამბები