მესამე დღეა კახეთი სტიქიას ებრძვის. ღამით ძლიერმა სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი კაჭრეთი დააზარალა. განადგურებულია ნათესები და ვენახები, დაზიანდა 150-მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი. ძლიერი სეტყვის შედეგად დაიხოცა შინაური ფრინველი.
ადგილობრივები ყვებიან, რომ სეტყვამ, რომელიც ნახევარ საათს გაგრძელდა, მათი საცხოვრებელი სახლების სახურავები იმდენად დააზიანა, რომ წყალი ჩადის და დაზიანებული სახურავების გამო სახლში ღამის გათენების ეშინიათ. ისინი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს.
სტიქიის ზონაში უკვე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის თქმით, შექმნილია ჯგუფები, იმისთვის, რომ მოხდეს ზარალის შეფასება.
"ყველა სახლში შევლენ და დავითვლით ზარალს. ჩვენ უკვე გამზადებული გვაქვს და 2 საათში გვექნება ტენტები, რომლებსაც დროებით დავურიგებთ მოსახლეობას,“ - აღნიშნა არჩილ ხანდამაშვილმა.