აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ყველა ოჯახში უნდა იყოს ნამდვილი ზეიმი. სუფრაზე გაღვივებული ხორბლის მარცვლები, ჯეჯილი- ახალი ცხოვრების დაწყების სიმბოლო. ტრადიციული ნოტიო და სურნელოვანი პასკა. და, რაც მთავარია, წითელი კვერცხი - სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების ნიშნად.
გადმოცემის თანახმად, ქრისტეს ამაღლების შემდეგ მარიამ მაგდალინელი სახარების საქადაგებლად რომში ჩავიდა და იმპერატორ ტიბერიუსს ეახლა. მასთან ძღვენის გარეშე ვერავინ მიდიოდა, მარიამმა კი, ქრისტეს რწმენის გარდა რადგან მას სხვა არაფერი ებადა, იმპერატორს ქათმის კვერცხი გაუწოდა და ახარა: "ქრისტე აღდგა!" იმპერატორმა მხოლოდ მას მერე დაიჯერა სასწაული, როცა თავისი თვალით დაინახა თეთრი კვერცხის გაწითლება. სწორედ აქედან იღებს დასაბამს კვერცხის გაწითლების, ანუ წითლად შეღებვის ტრადიცია. დროთა განმავლობაში აღდგომის სიმბოლო გაფერადდა და ის დიზაინერების ნამდვილი შთაგონება გახდა - მინანქრის, ხის, ოქროსი, კერამიკის, ფერადი თუ მოხატული.
კვერცხის შესაღებად ძირითადად ბუნებრივ საღებავებს, ხახვის ფურცლებსა და ენდროს შემდეგ უკვე დეკორატიული ფერიც შეემატა. ტრადიციულ სააღდგომო სუფრას კი კვერცხისთვის განკუთვნილი ლანგარი, პასკის დასადები ფორმა, ჯეჯილისთვის განკუთვნილი თეფში შეადგენს - ყველაფერი იმისთვის, რათა ეს დღესასწაული კიდევ უფრო საზეიმო გახდეს.