რუსთავის აზოტის თანამშრომლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, ქარხნის თანამშრომლებს, რომელთა თვიური ანაზღაურება 1000 ლარზე ნაკლებია, ხელფასი 250 ლარით გაეზრდებათ, ხოლო ვისაც 1000-დან 1500 ლარამდე აქვს, მათ 125 ლარით მოემატებათ.
გარდა ამისა, შეხვედრაზე ითქვა, რომ ადმინისტრაცია გამოთქვამს მზადყოფნას, არ დაუკავოს გაფიცულ თანამშრომლებს გაფიცული დღეების განაცდური. ასევე, ადმინისტრაცია გამოთქვამს მზადყოფნას, რომ უკლებლივ ყველა თანამშრომლებს ჩაურიცხოს აღდგომასთან დაკავშირებული 50-ლარიანი წამახალისებელი პრემია.
შეთავაზებაზე უკმაყოფილებას გამოთქვამენ თავად გაფიცული თანამშრომლები და ამბობენ, რომ ადმინისტრაციის წინადადებებს არ დათანხმდებიან. როგორც ისინი ამბობენ, პროტესტი კვლავ გაგრძელდება.
"რუსთავი აზოტის" თანამშრომლები მეხუთე დღეა გაფიცულები არიან. დასაქმებულებს ხელფასის 50 პროცენტით გაზრდა სურთ. რამდენიმე დღეა, შეჩერებულია ძირითადი პროდუქციის წარმოება. ამ დროისთვის მხოლოდ ჟანგბადის საამქრო მუშაობს, საიდანაც სამედიცინო დაწესებულებების ჟანგბადით მომარაგება ხდება.