19 ნოემბერი 2024,   20:44
ვრცლად
"ისეთი სეტყვა იყო, ამ ხნის ქალი ვარ და არ მინახავს ამხელა სეტყვა" - გურჯაანის რაიონში ზარალის დათვლა გრძელდება

გურჯაანის რაიონში ზარალის დათვლა გრძელდება. სტიქიამ მოსახლეობა დააზარალა. ადგილობრივი ხელისუფლება გლეხებს შეხვდა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ სტიქიისგან დაზიანებული ინფრასტრუქტურა მოსახლეობას სრულად აუნაზღაურდება.  

"ისეთი სეტყვა იყო, ამ ხნის ქალი ვარ და არ მინახავს ამხელა სეტყვა. მთელი "შიფერი" სულ დაამტვრია. მეოთხე სართულებიდან ჩამოვიდა წყალი და დაბლა ჩამოუვიდა კორპუსს,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაზარალებულ მოსახლეობას პირობა მისცა, რომ პირველ ეტაპზე დაზიანებული სახურავების დროებითი გადახურვა მოხდება, რათა ცხოვრება უსაფრთხო იყოს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ილია ბეგიაშვილი ამბობს, რომ ზარალის დათვლის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლება ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართავს. 

"ამჟამად, დაახლოებით, 10 000 კვადრატი უკვე დათვლილი გვაქვს, დათვლა მორჩება დღეს, ღამით. იქნება დათვლილი როგორც რაოდენობა, ასევე კვადრატულობა. როგორც კი გვეცოდინება, რა თანხა დასჭირდება ამის აღდგენას, ადგილობრივი ხელისუფლება მიმართავს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ინფრასტრუქტურის სამინისტრო გამოითხოვს ამ თანხებს, არის ესეთი ფონდი ე.წ. სტიქიის ლიკვიდაციის ფონდი და შესაბამისად, უკვე რამდენიმე დღეში აქ სამუშაოები დაიწყება,“ - განაცხადა ილია ბეგიაშვილმა. 

კახეთი სტიქიას მესამე დღეა ებრძვის. ღამით ძლიერმა სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი კაჭრეთი დააზარალა. განადგურებულია ნათესები და ვენახები, დაზიანდა 150-მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი. ძლიერი სეტყვის შედეგად დაიხოცა შინაური ფრინველი.

დღის ამბები