ნიშნულები ეკლესიების შიდა და გარე ტერიტორიაზე, სპეციალური ხსნარით დამუშავებული სივრცეები და ზიარება ერთჯერადი ჭიქებითა და კოვზებით - ზედიზედ მეორე წელია, მართლმადიდებლები აღდგომას რეგულაციების დაცვით ხვდებიან. ტაძრებში უსაფრთხოების ნორმების მკაცრად შესრულებას გეგმავენ.
დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება არის ის ძირითადი მოთხოვნები, რომელიც ეკლესიაში წირვა-ლოცვაზე დასწრების მსურველებმა უნდა შეასრულონ. ტაძრებში მრევლის შეკრებისა და კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ეკლესიების ტერიტორიაზე დაყენებულია ხმის გამაძლიერებელიც და მრევლს საშუალება აქვს, ღვთისმსახურება ტაძრების გარე პერიმეტრიდან მოისმინოს.
იმ პირებისთვის, რომლებიც რისკჯგუფს განეკუთვნებიან, ან აქვთ კოვიდსიმპტომი, საპატრიარქოში სპეციალური რეკომენდაციები გასცეს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მათ შეუძლიათ დარჩნენ სახლში. ზიარების შემთხვევაში კი, მათზე სულიერი მამები იზრუნებენ და საჭიროებისამებრ, სახლში თავად მიაკითხავენ.
დიდ შაბათს, მარხვის ბოლო დღეს ეკლესიებში ღვთისმსახურება დილიდან წმინდა ბასილი დიდის ლიტურგიასთან ერთად შესრულდა. აღდგომასთან შესახვედრად სამზადისი ტაძრებში უკვე დასრულებულია. საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში მრევლს შეკრება და ლოცვაზე დასწრება უკვე დაწყებული აქვს.