რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში "ლელოს" ლიდერი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს შეხვდა. მამუკა ხაზარაძის და ნიკა მელიას შეხვედრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2 საათს გაგრძელდა.
როგორც ხაზარაძემ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ნიკა მელია იზიარებს პოზიციას, რომ ევროკავშირის მხრიდან გირაოს შემოთავაზება უპრეცედენტოა და ის, ასევე, ეთანხმება საპარლამენტო კომისიის შექმნის იდეასაც.
"არ მინდა მის მაგივრად ვისაუბრო, ალბათ, უახლოეს დღეებში თვითონ გააკეთებს განცხადებას საპარლამენტო კომისიასთან დაკავშირებით, პრინციპულად ეთანხმება იდეას.
სამწუხაროდ, ისე აღიქმება, რომ ნიკა უნდა დაეთანხმოს, რომ მერე "ოცნებამ" დაამადლოს, რომ აი, შენ დაეთანხმე გირაოს... ეს ასე არ მოხდება, მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირი გადაწყვეტილებას მიიღებს ისე, რომ ნიკას თავმოყვარეობას არ შეეხოს და იმ პრინციპს არ შეეხოს, რისთვისაც ის ამდენი ხანი ციხეშია," - აცხადებს ხაზარაძე.