კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასაფლაოებთან მისასვლელი გზები ჩაკეტილია. მოქალაქეებს სასაფლაოს ტერიტორიაზე გადაადგილება ეკრძალებათ.
თბილისის მსგავსად შეზღუდვები ვრცელდება რეგიონებზეც. მოქალაქეები ამბობენ, რომ სასაფლაოზე გასვლის სურვილი ჰქონდათ, თუმცა დაწესებულ შეზღუდვებს ემორჩილებიან.
სასაფლაოების ტერიტორიაზე გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ინფორმაციით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, დილიდან სასაფლაოებთან მისასვლელ გზებსა და დაწესებული რეგულაციების აღსრულების პროცესს ინტენსიურ რეჟიმში აკონტროლებენ.
კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარე წლის 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა აიკრძალა. შეზღუდვების დარღვევა ითვალისწინებს სამართალდამრღვევი პირს დაჯარიმებას - 2000 ლარის ოდენობით. აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.