19 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
რა გახდა ლიანდაგიდან მატარებლის გადასვლის მიზეზი - მგზავრები საქართველოს რკინიგზას უყურადღებობაში ადანაშაულებენ

სოფელ მარელისთან ზუგდიდი-თბილისის მატარებლის მეოთხე ვაგონი ლიანდაგს დილის 10 საათისთვის ასცდა. მგზავრები აცხადებენ, რომ გაიგეს ხმაური, რასაც ვაგონის ძლიერი რყევა მოჰყვა. დაახლოებით 30 წამში იყო შეჯახება, რაც სავარაუდოდ მატარებლის გაჩერების მიზეზი გახდა. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა, თუმცა მგზავრები პანიკამ მოიცვა.

მგზავრების თქმით, შველას გარკვეული პერიოდის განმავლობაში ითხოვდნენ, რის შემდეგაც ვაგონიდან გამოსვლა თავად სცადეს. სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა. დაგვიანების მიზეზად რთული რელიეფი დასახელდა. მგზავრებთან მისასვლელად ჯგუფებს მდინარის გადალახვა მოუწიათ.

საქართველოს რკინიგზის კომპანიას მგზავრები უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ ღია ცის ქვეშ თითქმის 4 საათის გატარება მოუწიათ. დახმარების აღმოსაჩენად კი, კომპანიიდან მათთან არავინ მისულა. მატარებლის გამცილებლებმა წყალი შესთავაზეს, ისიც მხოლოდ მას შემდეგ, რაც მგზავრებმა უკმაყოფილება ხმამაღლა გამოთქვეს.

თბილისი-ზუგდიდის რეისის შესრულება, მხოლოდ დღის მეორე ნახევარში გახდა შესაძლებელი. მას შემდეგ, რაც სოფელ მარელისთან ახალი მატარებელი გამოჩნდა. რაც შეეხება ინციდენტის გამომწვევ მიზეზს - ამას სპეციალისტებით დადგენილი ჯგუფი მოკვლევის შედეგად დაადგენს.

დღის ამბები