19 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
რა შემთხვევაშია საჭირო ვაქცინირებული პირის მესამე დოზით აცრა - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კრიტერიუმებს განმარტავს

არის თუ არა საჭირო ვაქცინის მესამე დოზა და რა კრიტერიუმებით მოწმდება მისი საჭიროება - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ მესამე დოზის საჭიროება კვლევების შედეგად უნდა დადგინდეს. 

თუმცა, თამარ გაბუნიას თქმით, კორონავირუსის ვაქცინაცია ერთჯერადი არ არის და მოქალაქეებს გარკვეული პერიოდულობით აცრის გამეორება ისევ დასჭირდებათ. 

"ეს მოწმდება კვლევის პირობებში. ანუ, მთავარი გამოსავალი და სიკეთე, რაც ვაქცინამ უნდა მოიტანოს, არის ის, რომ დაიცვას ადამიანი პირველ რიგში ინფიცირებისგან, შემდეგ მძიმე ფორმის განვითარებისგან და მესამე ეს იქნება სიკვდილობისგან. როდესაც საუბარია დამატებით გამაძლიერებელ დოზაზე, ეს საკითხი იქნება მაშინ, თუ ინფიცირების შემთხვევები იმატებს, მიუხედავად ვაქცინაციისა, მაგალითად, თუ ადამიანმა ჩაიტარა ორი დოზა ვაქცინა, მაგრამ მაინც გარკვეულ შემთხვევაში ინფიცირდება, ამ შემთხვევაში მეცნიერები უკვე განიხილავენ იმ საკითხის, ხომ არ არის საჭირო იმუნიტეტის კიდევ გაძლიერება დამატებითი მესამე დოზით და აქედან გამომდინარე, სამეცნიერო საფუძვლები უდევს ამას ყველაფერს.

ისე, წინასწარ მიჩნეულია, რომ კორონავირუსის ვაქცინა ეს არ არის ერთჯერადი ვაქცინაცია, მას დასჭირდება გარკვეული პერიოდულობით ისევ გამეორება," - ამბობს თამარ გაბუნია.

აქვე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მეორე ე.წ. ჩინური წარმოების ვაქცინის "სინოვაკის" შესახებაც საუბრობს, რომლის 100 000 დოზა​ საქართველოს საჩუქრად გადმოეცა. 

"სინოვაკით აცრა ვფიქრობთ, მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში დაიწყება, ესეც დაკავშირებულია გარკვეულწილად ლოჯისტიკურ საკითხებთან, ანუ დამატებითი აცრის წერტილების მობილიზებასთან და ასევე ვფიქრობთ, რომ ავტორიზაცია საბოლოოდ როცა ექნებათ "სინოფრმსა" და "სინოვაკს", უფრო აქტიურად შევძლებთ ორივე ვაქცინის პარალელურად გამოყენებას. ვფიქრობ, მომდევნო 2-3 კვირა იქნება ის პერიოდი, როდესაც სინოვაკთან მიმართებაშიც მოემზადება ქსელი, მომზადდება შესაფერისი სამართლებრივი საფუძვლები და სინოვაკიც დაემატება უკვე აცრის არჩევანის მენიუს," - ამბობს თამარ გაბუნია.

დღის ამბები