ექიმი-ეპიდემიოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ოთარ ჩოკოშვილი ე.წ. ჩინური წარმოების ვაქცინების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, Sinopharm-ი და Sinovac-ი ე.წ. ტრადიციულ მეთოდებზე დამზადებული პრეპარატებია, რაც მოსახლეობაში ნდობას იწვევს.
"ჩინური ვაქცინა არის ძალიან ეფექტური, როგორც არსებული კვლევები აღნიშნავს. ამავდროულად, ე.წ. სიტყვა ტრადიციული გულისხმობს იმას, რომ ამ მეთოდით მზადდება მაგალითად გრიპის ვაქცინა და სხვა ის ვაქცინები, რომელსაც ჩვენ უკვე ფართოდ ვიყენებთ. არა მარტო ზრდასრული, არამედ ასევე არასრულწლოვანი მოსახლეობის მიმართ და საკმაოდ ეფექტურად მუშაობს. გარდა ამისა, ასეთი ტიპით დამზადებულ ვაქცინებს გვერდითი ეფექტები ძალიან მინიმალური აქვს და სწორედ ამის გამო გვაქვს რამდენიმე პოზიტივი ამ ვაქცინასთან დაკავშირებით.
ერთი ის არის, რომ გართულებების შემთხვევები ნაკლები იქნება, მეორე - ადამიანებს მეტი გამბედაობა ექნებათ და ნაკლები მოლოდინები, რომ გართულებები იქნება და მესამე, ასეთ შემთხვევებში, რადგანაც გართულებები ნაკლებია, შედარებით მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებების მოთხოვნილება აღარ გვექნება და უფრო ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის კამპანიის ჩატარება ბევრ დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი და უფრო ფართომასშტაბიანი გახდება ეს ვაქცინაციის პროცესი. ნდობის ხარისხი საკმაოდ მაღალია მოსახლეობის მიერ. როგორც კი გამოჩნდება ახალი აცრის კაბინეტი ამ ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით, მომენტალურად ხდება შევსება, რაც ძალიან მაღალი ნდობის მაჩვენებელია,"- ოთარ ჩოკოშვილი.