NCDC-ის ინფორმაციით, Sinopharm-ის ვაქცინით გუშინ 793 ადამიანი აიცრა.
ჩინური წარმოების ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი ქვეყანაში სწორედ გუშინ დაიწყო. აცრის ჩატარება 18 წელს გადაცილებულ ყველა იმ მოქალაქეს შეუძლია, ვინც რეგისტრაცია წინასწარ გაიარა. დღეისათვის ქვეყანაში 17 000-ზე მეტი მოქალაქეა რეგისტრირებული. ვაქცინაციისთვის საჭიროა 2 დოზა და 21 დღის ინტერვალით კეთდება.
აღსანიშნავია, რომ Sinopharm-ის 100 000 დოზა ქვეყანამ აპრილის თვეში მიიღო.
Sinopharm-ი ჯერ კიდევ ელოდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას, თუმცა საქართველოში ეს ვაქცინა ყველაზე მოთხოვნადი აღმოჩნდა.
ჯანმოს მიერ Sinopharm-ის ვაქცინის ავტორიზაციის საკითხი, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი.
Sinopharm-თან დაკავშირებით, ჯანმომ უკვე გამოაქვეყნა ექსპერტების შეფასებაც, რომელიც ორგანიზაციაში 29 აპრილს განიხილეს. დოკუმენტის თანახმად, ამ ვაქცინის ორი დოზა 18-დან 59-წლამდე ასაკობრივ ჯგუფში COVID-19-ის პრევენციისთვის ეფექტურია. რამდენიმე ქვეყანაში მესამე ფაზის კლინიკური კვლევების მიხედვით, ვაქცინის ეფექტიანობა 78.1%-ია.