ჯანდაცვის სექტორი კორონავირუსის გავრცელების პიკს მაისის შუა რიცხვებში ელოდება. დღეს კი ბოლო პერიოდის ანტირეკორდი მოიხსნა. 2171 ახალი შემთხვევა 24 საათში. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8%-ს მიუახლოვდა. ქვეყანაში ვირუსს კიდევ 24 ინფიცირებული ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა 1074.
მაისის შუა რიცხვებში კორონავირუსის შემთხვევების პიკის მოლოდინთან დაკაშირებით განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გააკეთა.
"წინასწარი პროგნოზით, მაისის შუა რიცხვები არის გათვალისწინებული პიკური მაჩვენებლებისთვის. დღევანდელი მაჩვენებელი ეპიდემიის ზრდის ტენდენციების ჭეშმარიტი მაჩვენებელი არ არის, ეს არის დაგროვილი შემთხვევები, რომელიც სააღდგომო დღესასწაულების პერიოდში არ გამოვლინდა და მათი ანგარიშგება არ მოხდა, თუმცა ეს ზრდის ტენდენცია არის და მაისის შუა რიცხვები არის განსაზღვრული, რომ იქნება პიკური მაჩვენებელი," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილის თქმით, კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებლის ფონზე დატვირთულია თბილისის კლინიკები. როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის მასშტაბით კოვიდინფიცირებულებისთვის 5910 საწოლია გამოყოფილი, საიდანაც თავისუფალია 1500.
"ჰოსპიტალური სექტორის მობილიზაციის მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება, დამატებითი საწოლები ჩაერთო პროგრამაში, 5910 საწოლი არის მობილიზებული. აქედან 1500-მდე საწოლი არის თავისუფალი, დანარჩენი დაკავებულია, განსაკუთრებით მაღალია დატვირთვის მაჩვენებელი თბილისში. ასევე აგრძელებენ მუშაობას კოვიდსასტუმროები და ონლაინკლინიკები," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში მოსახლეობის პოპულაციური იმუნიტეტის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება მოსალოდნელია არა ივნისში, არამედ დეკემბერში, როცა მოზრდილი მოსახლეობის 60% აიცრება.
როგორც გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, უწყება სექტემბრიდან დღიურად 5-დან 10 000 პირამდე აცრას გეგმავს.
"ივნისი პოპულაციური იმუნიტეტისთვის ძალიან ადრეული პერიოდია. რა თქმა უნდა, ეს ასე სწრაფად ვერ მოხდება. პოპულაციური იმუნიტეტის მისაღწევად 60% მაინც უნდა იყოს აცრილი მოზრდილი მოსახლეობის და ეს გეგმა არის დეკემბრისთვის, ანუ წლის ბოლომდე.
რაც შეეხება ვაქცინაციის ტემპს, ჩვენთვის სასურველი ვაქცინაციის მაჩვენებელი დღევანდელ ეტაპზე უნდა იყოს სულ მცირე 3 000 მოქალაქის აცრა და შემდეგ ამის გაზრდა - 5 000, 10 000 მაჩვენებელზე, როცა გადავალთ სექტემბრიდან ფართომასშტაბიან ვაქცინაციაზე იმისთვის, რომ მივაღწიოთ ჩვენი მოცვის მაჩვენებლებს წლის ბოლომდე," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
თამარ გაბუნიამ კორონავირუსის სხვა ვაქცინების შემოსვლის შესაძლებლობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ახალი ვაქცინების შემოსვლა მოსალოდნელი ძირითადად მესამე კვარტალშია:
""ჯონსონი & ჯონსონი" შესაძლებელია შემოვიდეს 2 გზით. "კოვაქსის" მეშვეობით, რომელიც გვპირდება რომ მესამე კვარტლიდან იქნება შესაძლებელი და ასევე კომუნიკაცია გვაქვს უშუალოდ ჯონსონი & ჯონსონი ოფისთან ყაზახეთში განიხილავენ ჩვენ ინტერესს და დაგვიკავშირდებიან.
"ნოვავაქსთან" დაკავშირებით მომდევნო კვირაში ჩანიშნულია სატელეფონო ზარი, რათა შევათანხმოთ ის პერსპექტივები, რაც შეიძლება პირდაპირი მოლაპარაკების მეშვეობით გვქონდეს. გარდა ამისა, იქნება "კოვაქსის" პლატფორმაზე და ესეც შესაძლებელია ივლისიდან ქვეყანაში შემოვიდეს," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში რეგულაციების გამკაცრებაც არ გამორიცხა:
"ეპიდემიოლოგიური სურათის გათვალისწინებით შესაძლოა დადგეს დამატებითი ღონისძიებების საკითხი, კონკრეტულად რა დამატებითი ღონისძიება დაგვჭირდება ამაზე დღეს საუბარი მიჭირს, მაგრამ ჯანდაცვის სექტორის მხრიდან მობილიზაციის ხარისხი გაიზრდება," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.