დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე "სინოფარმისთვის" ავტორიზაციის მინიჭების საკითხს ეხმაურება. როგორც გამყრელიძემ "კურიერთან" აღნიშნა, დღევანდელი გადაწყვეტილება გლობალურად ბევრ რამეს ცვლის და ვაქცინისადმი მოსახლეობის ნდობა გაიზრდება.
"მოგეხსენებათ, დღეს ჩინეთი მსოფლიოში პირველ ადგილზეა კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინებით ადმინისტრირების თვალსაზრისით, ანუ ყველაზე მეტი, უკვე 300 მილიონამდე დოზაა ადმინისტრირებული. საერთაშორისო ასპარეზზეც 2 ვაქცინით გადის ის - სინოფარმით და სინოვაკით. ანუ, გლობალურად ხელმისაწვდომობა დღეს, როდესაც დიდი დეფიციტია ვაქცინების მსოფლიოში, იქნება უფრო გაფართოებული. საქართველოსთვის ცვლის იმას, რომ ჩვენს მოსახლეობას მეტი ნდობა ექნება ვაქცინებისადმი, რაზეც ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, რომ ეს ვაქცინა გახლავთ ხარისხიანი, ეფექტური, მისი დამცველობითი უნარი მერყეობს 79-86%-ს შორის,“ - ამბობს ამირამ გამყრელიძე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, "სინოფარმის" ვაქცინა 18 წლის ზემოთ მოქალაქეებში უსაფრთხოა. აქვე, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით, ვაქცინა კოვაქსზე განთავსდება, შესაბამისად, ქვეყნებს ის კოვაქსის საშუალებითაც მიეწოდებათ, შედარებით დაბალ ფასში.
"სინოფარმის მარაგი ამჟამად არის დაახლოებით 100 000 დოზა და უფრო და უფრო მეტი, თუ არ ვცდები 25 ათასზე მეტი ადამიანია ჩაწერილი და დაჯავშნილი აქვს ადგილები მაისის ბოლომდე. ეს 100 000 არის 50 000 ადამიანისთვის, ორჯერადი აცრისთვის. ასევე, უკვე დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ ჩინურ მხარესთან საქართველოს აქვს მოლაპარაკება და 500 000 დამატებითი დოზა ივნისში ორჯერადად შემოვა,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
აქვე, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველო კიდევ სხვა ვაქცინებს ელოდება, მათ შორის არის "ნოვავაქსი“, "ჯონსონ ჯონსონი“. ასევე, მისი თქმით, პირდაპირი მოლაპარაკებაა "ფაიზერთან“ დაახლოებით მილიონ დოზაზე.
"თუ ჩვენ ყველა სერიოზულად ვიმუშავებთ ერთად, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი სამიზნე, ანუ 60% მოზრდილი მოსახლეობის აცრა ორჯერადად, რა თქმა უნდა, ეს თეორიულადაც და პრაქტიკულადაც მიღწევადია, მაგრამ სამუშაო ძალიან დიდია,“ - ამბობს ამირან გამყრელიძე.