19 ნოემბერი 2024,   20:44
ვრცლად
ნინოწმინდის პანსიონატში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის დაუყოვნებლივი მონიტორინგის შესახებ, მთავრობას გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა მიმართა

ნინოწმინდის პანსიონატში არსებულ ვითარებას გაერო გამოეხმაურა. შეტყობინებაში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ გაეროს ბავშვთა კომიტეტიდან მიიღო, წერია, რომ კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოსცა, რომლითაც დააკმაყოფილა ორგანიზაციის 5 მაისის საჩივარი და მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში, ყველა შესაბამისი უწყების მიერ, მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა.

"სახელმწიფო ვალდებულია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონატში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება - გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი.

დღეს, 7 მაისს, საღამოს 8 საათისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციამ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ გაეროს ბავშვთა კომიტეტიდან შეტყობინება მიიღო. კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოსცა, რომლითაც დააკმაყოფილა ორგანიზაციის 5 მაისის საჩივარი და მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში, ყველა შესაბამისი უწყების მიერ, მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა.

აღნიშნულ დროებით ზომას გაერო მხოლოდ ისეთ შემთხვევაში იყენებს, როდესაც სახეზეა საგანგებო ვითარება, ბავშვების მიმართ გამოუსწორებელი ზიანის დადგომის საფრთხე. ამასთან, შეტყობინების პროცედურების შესახებ ბავშვის უფლებათა კონვენციის დამატებითი ოქმის მე-6 მუხლის საფუძველზე კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოშობს სახელმწიფოს სამართლებრივ ვალდებულებას, შეასრულოს ის.

შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში 2021 წლის 15 აპრილს სახალხო დამცველს არ მიეცა შესვლისა და კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების, ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა.  მიუხედავად იმისა, რომ 2015, 2018 წლებში სახალხო დამცველის ანგარიშში ბავშვთა მიმართ ძალადობის უმძიმესი  ფორმები აისახა, საქართველოს მთავრობამ მათი შესვლა ბავშვთა დაწესებულებაში არ უზრუნველყო. 2020 წლის 20 ივნისიდან კი, პანსიონატში არც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკი შესულა.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციამ დროებითი ღონისძიების გამოცემის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოსაც მიმართა, თუმცა სასამართლომ ბავშვთა უფლებების დარღვევა და მონიტორინგის საჭიროება ვერ დაინახა. შესაბამისად, მოსამართლე ბაია ოტიაშვილმა ორგანიზაციის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა." - წერია განცხადებაში. 

დღის ამბები