19 ნოემბერი 2024,   21:49
ვრცლად
COVID-19-ით გარდაცვლილი თეკლა თორდიას საქმეში 10 დარღვევა გამოვლინდა - განიხილება ორი ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი

კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი 19 წლის თეკლა თორდიას საქმეზე მნიშვნელოვანი დარღვევები გამოვლინდა.

გარდაცვლილის ოჯახის ინტერესების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრი" განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, თეკლა თორდიას საქმეზე გამოვლენილია ათი სახის დარღვევა და ნაკლოვანება. მათი ინფორმაციით, პაციენტის გადარჩენა დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის გამო ვერ მოხერხდა.

"რეცენზენტ-ინფექციონისტის დასკვნით, დაავადების პირველივე კვირაში, ვირუსის რეპლიკაციის ფაზაში, ინფექციური პროცესის მძიმე მიმდინარეობის პროგნოზი შესაძლებელი იყო ობიექტური კლინიკურ-ლაბორატორიული მონაცემების შეფასებით. ასევე, მნიშვნელოვანი იყო, მყისიერად შეფასებულიყო 1 ტიპის შაქრიანი დიაბეტის (ინსულინდამოკიდებულობის) საკითხი. დასკვნაში ასევე, ნათქვამია, რომ ყველა პარამეტრის და მონაცემის დროული, კრიტიკული, სრულყოფილი შეფასების და დაჩქარებული ჰოსპიტალიზაციის პრობლემა განპირობებული იყო მძიმე ეპიდსიტუაციით და ორგანიზაციული სირთულეებით," – ნათქვამია HRC-ის განცხადებაში. სადაც ასევე ნათქვამია, რომ ჯანდაცვის რეგულირების სააგენტოს მიერ ორგანიზაციისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, თეკლა თორდიას საქმეში დარღვეულია ჯანდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ბრძანებების მოთხოვნები.

HRC- ის ცნობით, შესაბამისი სამედიცინო რეცენზიის ავტორები აღწერილი და გამოვლენილი დარღვევების მიუხედავად, დასკვნაში ბუნდოვნად აღნიშნავენ, რომ "ორგანიზაციულ პრობლემებს, რაც არსებობდა პაციენტის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით, არ მოუხდენია გავლენა გამოსავალზე". HRC ამ პოზიციის შემაშფოთებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ეს შეფასება კითხვებს აჩენს ავტორების ტენდენციურობასთან დაკავშირებით.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" ცნობით, ჯანდაცვის რეგულირების სააგენტოს მიერ მათთვის მიწოდებული ინფორმაციით, თეკლა თორდიას გარდაცვალების საქმეზე ორი ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი განიხილება.

ამასთან განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტრომ ადამიანის უფლებათა ცენტრს არ მიაწოდა ინფორმაცია კითხვაზე – თეკლა თორდიას ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პაციენტის ჰოსპიტალიზაციის საჭიროებისას იყო, თუ არა თავისუფალი ადგილები საქართველოს მასშტაბით.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ჯანდაცვის სამინისტროს საქმის მყისიერი და ობიექტური გამოკვლევისკენ და ოჯახის ყველა კითხვაზე დროული და ამომწურავი პასუხების გაცემისკენ მოუწოდებს. პროკურატურას კი მოუწოდებს, რომ ობიექტურად და დროულად განახორციელოს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

19 წლის თეკლა თორდია 2020 წლის 29 ნოემბერს, კორონავირუსის დიაგნოზით თბილისში, "გერმანულ ჰოსპიტალში" გარდაიცვალა.

დღის ამბები