03 ოქტომბერი 2024,   00:37
ვრცლად
კატალონიის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის კუთხე გაიხსნა

კატალონიის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის კუთხე გაიხსნა.

დღემდე კატალონიის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ქართული წიგნები რუსული კატალოგის ნაწილი იყო. ამიერიდან კატალონიის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ქართული წიგნების კატალოგი შეიქმნება.

კატალონიის ნაციონალური ბიბლიოთეკის დირექტორს,  ეუხენია სერრას, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე, მირიან ხოსიტაშვილი და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კულტურის პროგრამების განყოფილების უფროსი, გიორგი საბანაძე შეხვდნენ.

როგორც გიორგი საბანაძემ რუსთავი2-თან საუბრისას განაცხადა, შეხვედრაზე განხილული იყო მომავალი თანამშრომლობის მრავალი ასპექტი.

მისი თქმით. „მიღწეული შეთანხმების მიხედვით, მომავალი ურთიერთობა არ შემოიფარგლება მხოლოდ საბიბლიოთეკო სფეროთი, არამედ კულტურისა და განათლების მიმართულებებსაც მოიცავს“.

ასევე  გადაწყდა, რომ კატალონიაში არსებული საქართველოსთან დაკავშირებული ისტორიული დოკუმენტების ელექტრონული ასლები ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცემა. იგეგმება ერთობლივი გამოფენები საქართველოსა და კატალონიაში.

„ამ შეხვედრების ორგანიზებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს კონსულს ბარსელონაში, ბექა ზარანდიას და ქალბატონ ნანა მაღლაკელიძეს. მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ ამჯერად ეროვნულ ბიბლიოთეკას წიგნების ტრანსპორტირებაში დაეხმარა კომპანია Turkish Airlines, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდით,“ - ამბობს საბანაძე.    

დღის ამბები