3 დღეში ქვეყანაში ის რეგულაციები იხსნება, რომელიც 10 დღის გამავლობაში მოქმედებდა - 13 მაისიდან მუშაობას იწყებს მუნიციპალური ტრანსპორტი და საჯარო სამსახურები. აისახება თუ არა ეს ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე, რომელიც დღითიდღე უარესდება, იმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა და დაღუპულთა სტატისტიკა.
სპეციალისტები პიკს მაისის შუა რიცხვებში პროგნოზირებენ, თუმცა, როგორ გადაივლის ეს პერიოდი, ძირითადად, მოსახლეობის მხრიდან რეგულაციების დაცვაზეა დამოკიდებული. ამ პასუხისმგებლობაზე ჯანდაცვის სფეროს თითქმის ყველა წარმომადგნელი საუბრობს.
ექიმები თანხმდებიან იმაზეც, რომ მხოლოდ გაცემული რეკომენდაციები, რომელზეც უკვე მეორე წელია საუბრობენ, საკმარისი არ არის და მნიშვნელოვანია, შესაბამისმა სამსახურებმა რეგულაციების აღსრულება მკაცრად გააკონტროლონ. სწორედ შეზღუდვების უგულებელყოფაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ქვეყანაში ყოველდღიური მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.
ბოლო 24 საათში, ჩატარდა 18 662 ტესტი, გამოვლინდა დაინფიცირების 1 089 შემთხვევა, კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა. ერთი შეხედვით დღევანდელი სტატისტიკა არც თუ ისე მაღალია, თუმცა ეს მაჩვენებელი საყურადღებოა. სპეციალისტების თქმით, არსებული დინამიკა მომდევნო დღეებში ციფრების საგრძნობლად მატებს გამოიწვევს.
სპეციალისტები დადებით დინამიკაზეც საუბრობენ, რაც ამჯერად ვაქცინაციის პროცესს ეხება - იზრდება ვაქცინირებული მოქალაქეების რაოდენობა და მსურველიც საკმაოდ ბევრია.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში აცრილია 58 000-ზე მეტი ადამიანი, აქედან სრულად ვაქცინირებულია 10 000-მდე. თბილისსა და რეგიონებში, კლინიკებში დამატებულია აცრისთვის განკუთვნილი კაბინეტები.