ჭყონდიდში ვითარებას პოლიცია აკონტროლებს. უკვე ერთი საათია ეპარქიის მმართველი მედიას ხვდება. ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ ორთვიანი დუმილი დაარღვია.
საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელის მოდერატორობით, მიტროპოლიტი პირველად აკეთებს განმარტებებს ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის, დასჯილ მღვდლებსა და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებზე.
"ჩვენს ეკლესიაში სურთ, რომ მოხდეს განხეთქილება. ეს პირები არიან, უბრალოდ, ამ განხეთქილების მოქმედებაში ჩართული ადამიანები. მე არაერთხელ განვაცხადე ამის შესახებ. ეს არის დეტონატორი მართლმადიდებლობის დასაშლელად. ესენი არიან იარაღი რაღაც დიდი თამაშის და მეცოდებიან ეს ადამიანები. ბაირაღებით ჭეშმარიტებას ებრძვიან," - აღნიშნა მიტროპოლიტმა სტეფანემ პრესკონფერენციაზე.
მიტროპოლიტის განცხადებით, სამღვდელოების კრებაზე შიდა დაპირისპირება და ჩხუბი არ ყოფილა, თუმცა კონკრეტულ ჯგუფს პასუხების მოსმენა არ სურდა და კრების დროს "წივილ-კივილი დაიწყო".
ამასთან, მიტროპოლიტ სტეფანის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, თითქოს აივნიდან მრევლის გადაყრა მისი ბრძანება იყო.
"დამისვეს კითხვები და ამაზე პასუხის გაცემა უნდოდათ, დაიწყო წივილ-კივილი. შემდეგ უკვე ერთობლივი შემოტევა წავიდა. დაამტვრიეს ფანჯარა, გააღეს კარები და გადაცვივდნენ და შემდეგ უნდოდათ, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის დაებრალებინათ. მანიპულაციები ხდებოდა და საბოლოო ჯამში, გამოვყავდი მე როგორც საშინელი მონსტრი და დამნაშავე. სინამდვილეში, კრება ჩავატარე და მეტი არაფერი," - განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.