19 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
ქუჩებში გამკაცრებული შემოწმება - რას ყვებიან ისრაელში მცხოვრები ქართველები განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შესახებ

ღაზის სექტორიდან ისრაელის მისამართით სარაკეტო იერიშს ისრაელის საპასუხო რეაქცია მოჰყვა. ახლა ისრაელის საჰაერო ძალები ჰამასის პოზიციებზე სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურების მიზნით თავდასხმას ახორციელებენ. ქვეყანაში კი საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.

ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საელჩომ მოუწოდა, ქუჩაში გასვლისგან თავი შეიკავონ. 

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია ამბობს, რომ ისრაელი ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოა თავდაცვის კუთხით.  მისი თქმით, ქალაქებში არის სივრცეები მოწყობილი, სადაც მოქალაქეებს თავის შეფარება შეუძლიათ.

"საფრთხე ზოგადად მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე არის, მაგრამ განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთით. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მაქსიმალურად ფრთხილად იყვნენ. არის სპეციალური უსაფრთხოების ზომები ასეთ დროს, რომ თავშესაფარში მივიდნენ. ნელა, მშვიდად იმიტომ, რომ როდესაც გამაფრთხილებელი სირენა ირთვება, ამის შემდეგ არის დაახლოებით 5 წუთამდე, როცა შეიძლება სავარაუდოდ რაკეტა ჩამოვარდეს,“- ამბობს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია.

ისრაელში მცხოვრები ქართველები ამბობენ, რომ ქალაქებში გამკაცრებული შემოწმებები დაიწყეს. ქალაქ ლოდში, სადაც არაბებთან ერთად ქართველებიც ცხოვრობენ, სახლიდან გასვლისგან თავს იკავებენ, რადგან ქუჩებში დაპირისპირებები გრძელდება. 

"ერთადერთი პრობლემა, რასაც ქართველები აღნიშნავენ, ეს არის გამკაცრებული შემოწმება ქუჩებში, ავტობუსებში და ა.შ. ეს სიტუაცია გამოიწვია იმან, რომ უკვე არეულობა გასცდა იერუსალიმს. არის ასეთი ქალაქი ლოდი, სადაც არის არაბების დასახლება, ამ ქალაქში ცხოვრობს ძალიან ბევრი ქართველი და როგორც მათგან მაქვს ინფორმაცია, ისინი ერიდებიან დღის განმავლობაში სახლიდან გასვლას, იმიტომ, რომ ეს არეულობა, დაპირისპირება ქუჩებში და მოლოტოვის კოქტეილების სროლა, ფაქტობრივად, გრძელდება,“- ამბობს მიხეილ ხეცოიძე.

დაპირისპირება და შექმნილი მძიმე ვითარება არ იგრძნობა თელ-ავივში და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ, თუმცა იქ მცხორები ქართველები ამბობენ, რომ საშიშროება მაინც არსებობს. 

"მე 6 წელია აქ ვარ და არის ხოლმე ასეთი საგანგებო სიტუაციები. ყველანაირი ტრანსპორტი მუშაობს, ახლა მეც სამსახურში ვარ და იქიდან გესაუბრებით. საშიშროება, რა თქმა უნდა, არის,  მაგრამ ვართ უსაფრთხოდ და არ გვეშინია. იმიტომ, რომ მთავრობა ზრუნავს ხალხისთვის. თავშესაფარი თითქმის ყველა კორპუსს აქვს,“ - ამბობს მაია თურქაძე.

დღის ამბები