19 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
უნდა გამკაცრდეს თუ არა კანონი ფსიქოტროპული ნივთიერებების რეალიზაციისთვის - პარლამენტში აზრთა სხვადასხვაობაა

ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების რეალიზაციისთვის კანონი მკაცრდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული ცვლილებებით, მინიმალური სასჯელი 6-დან 10 წლამდე იზრდება.

"ქართული ოცნების" წევრი ბექა დავითულიანი სასჯელის გამკაცრებას მიესალმება. 

"ფსიქოტროპული აფთიაქების საკითხი კიდევ უფრო მეტად ყურადსაღებია, რადგან, პრაქტიკულად, სააფთიაქო ნარკომანია მოდებულია მთელს ქვეყანას. ამიტომ, თუ რაიმე ქმედითი ნაბიჯი გადაიდგმება ამ მიმართულებით, მე მივესალმები," - აცხადებს დავითულიანი.

"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ნარკომოვაჭრეთა მიმართ სასჯელის გამკაცრების მომხრეა, თუმცა ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკა უშედეგოა. 

"ზოგადად, მხარს ვუჭერ ნარკორეალიზატორების მიმართ სასჯელის გამკაცრებას, მაგრამ ცალკე აღებული კომპონენტი ვერაფერს ვერ შეცვლის. შეიძლება წინააღმდეგობრივ რამეს ვამბობ, მაგრამ რამდენადაც ვემხრობი ნარკორეალიზატორების მიმართ სასჯელის გამკაცრებას, იმდენად ვფიქრობ, რომ საერთო ნარკოპოლიტიკა თუ არ შევცვალეთ, შედეგს ვერ მივიღებთ. საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული დღემდე გვაქვს რეპრესიული ნარკოპოლიტიკა, მაგრამ შედეგი რა გვაქვს,"- აცხადებს ალეკო ელისაშვილი. 

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორის, ლაშა კილაძის განცხადებით, ნარკოტიკების გავრცელების შესამცირებლად ნარკორეალზატორების მიმართ სასჯელის გაზრდა ერთ-ერთი ქმედითი პრევენციული ზომაა. 

"თუ გადავხედავთ კაცობრიობის გამოცდილებას ნარკომანიასთან ბრძოლის კუთხით, მიწოდების და გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა და, პირველ რიგში, ეს თავის თავში ითვალისწინებს სასჯელის გამკაცრებას, ეს გახლავთ სწორედ ის პრევენციული ღონისძიება, რომელიც ხელს უშლის ნარკობაზარზე ნარკოტიკის გავრცელებას,"-აცხადებს კილაძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია "თეთრი ხმაურის მოძრაობის" წევრი დავით სუბელიანი კი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონის გამკაცრება ნარკოტიკების ბაზარს კიდევ უფრო ორგანიზებულს გახდის, სასიკეთოდ კი არაფერი შეიცვლება.  

"ჩვენ კვლავ იმავე წრეზე მივდივართ, კიდევ ერთხელ ვამკაცრებთ. ეს არაა პირველი გამკაცრება. მოხდება ის, რაც აქამდეც მომხდარა - რამდენიმეჯერ გამკაცრდა და არც ერთხელ არ მოხდა შემცირება ნარკოტიკების ბაზრის, ის კიდევ უფრო იზრდებოდა და უფრო რთული ხდებოდა. შესაბამისად, გამსაღებლების მსხვილი გაერთიანებები გვექნება სახეზე, რომლებიც შეეცდებიან უფრო ორგანიზებულად დაიცვან ამ მძიმე სასჯელისგან თავი. ამ უგუნურ პოლიტიკას შეუძლია მხოლოდ ცუდი შედეგების მოტანა,"-აცხადებს სუბელიანი. 

დღის ამბები