რამაზ ბეღელური დღეს პოლიციამ დაკითხა. ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებულმა სამართალდამცველებს მის მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.
ბეღელური ამბობს, რომ რუსი სამხედროების მხრიდან ცემის შესახებ საუბარი არ უნდოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გაუჩნდა, იძულებული გახდა, სიმართლე ეთქვა.
"დამიბარეს და შემეკითხნენ, რატომ დაგვიმალეო, არ ვაპირებდი თქმას, მაგრამ ცუდად რომ ვიყავი და ვკვდებოდი, სახლში ჩემებს ვუთხარი-თქო," - აცხადებს რამაზ ბეღელური.
ბეღელური რუსმა ოკუპანტებმა 3 თვის წინ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. მამაკაცს ჯერ სცემეს, შემდეგ კი ცხინვალის იზოლატორში ორი თვის განმავლობაში ჰყავდათ გამოკეტილი. ბეღელური ტყვეობიდან პირველ აპრილს გაათავისუფლეს.