03 ოქტომბერი 2024,   00:33
ვრცლად
სტიქიის ზონაში მშენებარე კორპუსების სამშენებლო კომპანიებმა უსაფრთხოების დამადსტურებელი დოკუმენტები უნდა წარადგინონ

ექსპერტების დასკვნებითა და კვლევებით სტიქიის ზონებში მშენებარე საცხოვრებელი ფართების მშენებლებს იმის დამტკიცება მოუწევთ, რომ ეს ტერიტორიები და ბინები უსაფრთხოა.

სტიქიის ეპიცენტრში რამდენიმე ასეთი კორპუსი მოხვდა.

სვანიძის ქუჩაზე მოვარდნილმა წყალმა მშენებარე და ჯერ დაუსახლებელი შენობების ავტოსადგომები და სარდაფები დატბორა. წყალი შევარდა ასევე მზიურში მშენებარე საცხოვრებელ კორპუსშიც.

ამ ეტაპზე, ასეთ ობიექტებზე სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია. ქალაქის მთავრობა კი მშენებლებისგან გარანტიებს ელოდება.

კომპანიაში, რომელიც მზიურში მდებარე მრავალსართულიან კორპუსს აშენებს, აცხადებენ, რომ პრევენციის მიზნით კვლევების ჩატარებას აპირებენ, თუმცა, მათი მტკიცებით, კორპუსისთვის შერჩეული ადგილი საცხოვრებლად უსაფრთხოა და სამშენებლო სამუშაოების გაგრძელებასაც გეგმავენ.

ქალაქის მთავრობაში აცხადებენ, რომ საბოლოო დასკვნებისა და კვლევების დადებამდე იმ ქუჩებზე, რომლებიც სტიქიამ დააზარალა, ახალი სამშენებლო ნებართვები აღარ გაიცემა.

სამშენებლო კომპანიების ნაწილი მთავრობისგან ზონირების გენერალური გეგმის შედგენას ითხოვს.

 

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე

 
დღის ამბები