19 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
ინდური შტამის წინააღმდეგ ბრძოლის პარალელურად, პლანეტის მოსახლეობის 9.4 პროცენტი COVID -19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

ინდური შტამი უკვე აქტიურად ვრცელდება ევროპაში. ბრიტანეთში უკვე 1300-ზე მეტი შემთხვევაა. ინფიცირების შემთხვევების მატებას საფრანგეთსა და გერმანიაში სპეციალისტები სწორედ კორონავირუსის ახალ ქვეტიპს უკავშირებენ.

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ინდოეთში ისევ იზრდება. მდინარე განგი კოვიდგარდაცვლილებით გაივსო.

ამასთანავე, კოვიდსიტუაცია სულ უფრო მართვადი ხდება ევროპის ქვეყნებისთვის, იტალია, პოლონეთი, პორტუგალია, ბელგია რეგულაციებს ამსუბუქებენ. საბერძნეთმა ტურისტებისთვის საზღვრები გახსნა. პოლონეთში ბარები და რესტორნები 6 თვიანი პაუზის შემდეგ სტუმრებს პირველად მიიღებენ, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. სავალდებულო აღარ არის პირბადის ტარება. ევროპის ქვეყნებში ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელი 100 ათასს ჩამოსცდა, რაც სამჯერ მცირეა ინდოეთში გამოვლენილ 24 საათის მონაცემებზე.

მსოფლიოში კვლავ გრძელდება გლობალური ვაქცინაციის პროცესი, რომელშიც 176 სახელმწიფოა ჩართული.

"ბლუმბერგის" მონაცემებით, გამოყენებულია მილიარდ ნახევრამდე დოზა ვაქცინა. რაც პლანეტის მოსახლეობის 9.4 პროცენტისთვისაა საკმარისი. გამოყენებული ვაქცინების რაოდენობით მსოფლიოში ჩინეთი ლიდერობს, სადაც 380 მილიონზე მეტი დოზაა გახარჯული. 270 მილიონი დოზაა გამოყენებული აშშ-ში, 195 მილიონი - ევროკავშირში, 182 მილიონი - ინდოეთში.

 

ავტორი: შმაგი ლიპარტელიანი

დღის ამბები