19 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი 85 მილიონი სოციალურ დახმარებებს, ბიუჯეტის გაჯანსაღებას, ასევე მიკრო და მცირე წარმოების გაძლიერებას მოხმარდება

საქართველო მსოფლიო ბანკისგან 85 მილიონ ევროს მიიღებს. შეთანხმება ფინანსთა სამინისტროში ოფიციალურად გაფორმდა.

დოკუმენტის მიხედვით, გამოყოფილი თანხა მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებას მოხმარდება.

ფინანსური მხარდაჭერის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 11 მაისს მიიღო.

"ეს პროექტი არის დიდი შეთანხმების ნაწილი, რომელსაც მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობასთან ერთად ახორციელებს. პირველ რიგში, ეს გულისხმობს საქართველოს მოქალაქეების დახმარებას სოციალური მიმართულებით, მეორე, ეს არის მთავრობის დახმარება ბიუჯეტის გაჯანსაღებისთვის და მესამე კი გულისხმობს მიკრო და მცირე წარმოების დახმარებას, რომლებიც პანდემიამ დააზარალა.

ჩვენ ასევე მჭდროდ ვთანამშრომლობთ ეროვნულ ბანკთან და ვეხმარებით ფინანსური ტრანზაქციის პროცესის ფორმირებაში. ეს დახმარება ხანგრძლივია და მოიცავს პოსტკოვიდურ პერიოდსაც,"- განაცხადა მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა  სებასტიან მოლინეუსმა. 

"ეს არის, როგორც წესი, ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთი. ამ შემთხვევაში საუბარია 1%-ზე დაბალ განაკვეთზე. პერიოდი არის 26 წელი, რაც შეეხება საშუალო და მცირე ზომის საწარმოების დაფინანსების სხვადასხვა კომპონენტს, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში გავაგრძელოთ აღნიშნული პროგრამის განხორციელება და ძალიან მნიშნელოვანია, რომ საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს ექნებათ შესაძლებლობა დამატებითი ფინანსურ რესურსებზე წვდომა გაუჩნდეთ,"- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

 

დღის ამბები