კომპანია "IDS ბორჯომი" გაფიცული თანამშრომლების პროტესტს განცხადებით ეხმაურება. განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანია დროებით, ორივე ქარხნის მუშაობას აჩერებს, რათა თავიდან იქნეს არიდებული პროფკავშირების წევრი აქტივისტების მიერ ორგანიზებული პროვოკაციები, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებს ადამიანების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას.
"ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნების თანამშრომლების ნაწილის გაფიცვის მიუხედავად, გუშინ წარმოების პროცესი შეუფერხებლად ხორციელდებოდა თუმცა, აქციის მსვლელობისას, ადგილი ჰქონდა უკანონო ქმედებებს ქარხნებისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებების წინააღმდეგ, რაც დღესაც გრძელდება.
როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ვაჩერებთ ორივე ქარხნის მუშაობას, რათა თავიდან ავიცილოთ პროფკავშირების წევრი აქტივისტების მიერ ორგანიზებული პროვოკაციები, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებს ადამიანების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას.
კომპანია IDS ბორჯომი საქართველო სრულ მზადყოფნაშია, ნებისმიერ დროს განაახლოს მის საკუთრებაში მყოფი ქარხნების მუშაობა. ბოლო დღეების განმავლობაში თანამშრომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი აგრძელებდა მუშაობას და კვლავ აქვთ ამის სურვილი.
თუმცა სატვირთო ავტომანქანების და სხვა სატრანსპორტო საშუალებების უკანონო ბლოკირება, რომელსაც ახორციელებს გაფიცულების ნაწილი, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს თანამშრომლებს, სატრანსპორტო კომპანიების მფლობელებს და თავად გაფიცულებს. სწორედ ამიტომ, ქარხნების მუშაობა განახლდება მსგავსი ტიპის უკანონო ქმედებების შეწყვეტისთანავე," - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.