სასამართლო სისტემაში რეფორმის 4 ტალღის მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციები მართლმსაჯულების მიმართულებით დროული ცვლილებების გატარების აუცილებლობაზე საუბრობენ.
მესამე სექტორის მთავარი პრობლემა მართლმსაჯულების მიმართ საზოგადოების დაბალი ნდობაა, რასაც, მათი შეფასებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოც ხელს უწყობს, რადგან ის ვერ უზრუნველყოფს სისტემის დამოუკიდებლობას.
გამოსავალს მესამე სექტორი იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის ცვლილებაში ხედავს. 15 წევრიდან 9-ს უფლებამოსილების ვადა ზაფხულში ეწურება - ამ ადგილების შევსებას კი სასამართლო სისტემაზე მომუშავე ორგანიზაციები სხვადასხვა გავლენისგან გათავისუფლებული და მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებით მოითხოვენ.
კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების" წევრების პოზიციას იზიარებენ ის პარტიებიც, ვინც შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერები არიან, სასამართლო რეფორმა 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ნაწილია.
სასამართლო რეფორმის მესამე და მეოთხე ტალღის შეფასება იქნება ახალი რეფორმის გატარების ერთ-ერთი საფუძველი. მმართველი პარტია 2024 წლისთვის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადისთვის ემზადება, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა ინსტიტუტი, მათ შორის, მართლმსაჯულების სისტემა ევროპულ სტანდარტებს უნდა დაუახლოვდეს.
არასამთავრობო სექტორი პარლამენტს სამუშაო ჯგუფის შექმნის უზრუნველყოფისკენაც მოუწოდებს, სადაც ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად საერთაშორისო პარტნიორები და პროფესიული წრეების წარმომადგენლებიც უნდა ჩაერთონ.
შარლ მიშელის 5 პუნქტიანი დოკუმენტის მიხედვით, სასამართლო რეფორმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რაზეც დეპუტატებს ხანგრძლივი და აქტიური მუშაობა მოუწევთ.